ალავერდის მონასტერი

ალავერდის ეპარქია ერთ-ერთი უმთავრესი და უდიდესი იყო კახეთში. მასში საკუთრივ კახეთის გარდა, შედიოდა ფშავი, ხევსურეთი და თუშეთი.

ალავერდის საკათედრო ტაძარი მდებარეობს ალაზნის ველზე, სოფელ ალავერდის მახლობლად (ახმეტის რაიონში), იგი 20 კმ-ით შორავს ქალაქ თელავს. აქ, VI საუკუნის შუა ხანებში მონასტერი დააარსა ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - ღირსმა იოსებმა, რომელიც აქვეა დაკრძალული.


ღირსი იოსებ ალავერდელის საფლავი

VIII-X საუკუნეებში ალავერდი კახეთის უმთავრეს ტაძარს წარმოადგენდა. როგორც ფიქრობენ, XI საუკუნის პირველ ნახევარში მონასტერი ეპარქიად გადაკეთდა, როცა წმიდა გიორგის მცირე ეკლესიის ადგილზე კახეთის მეფე კვირიკე მესამემ დიდი საკათედრო ტაძარი ააგო. საქართველოს დაშლის შემდეგ ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარი მთელი კახეთის მწყემსად ითვლებოდა. მას მაღალი საეკლესიო ტიტული ჰქონდა - მიტროპოლიტი. ამავე დროს, როგორც მონასტრის წინამძღვარი, ალავერდელი მიტროპოლიტი „აბბას“ საპატიო წოდებასაც ატარებდა.

თავიდან ალავერდში მამათა მონასტერი იყო, მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში იგი დედათა მონასტრად გადაკეთდა, სადაც მონაზვნებად მიდიოდნენ სამეფო გვარის წარმომადგენლებიც.


ღვთისმშობლის კარედის ხატი

ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა მტრის შემოსევებისა თუ ძლიერი მიწისძვრების შედეგად. XV საუკუნეში იგი აღადგინა და განაშვენა კახეთის მეფე ალესანდრე პირველმა, მოგვიანებით, კახეთის მეფე ლევანმა შეაკეთა მიწისძვრით დაზიანებული გუმბათი.

1914 წელს კახეთი შაჰ აბასმა დაარბია. კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა ალავერდის ტაძრის ხატები სვეტიცხოველში გაგზავნა შესანახად, თვითონ კი იმერეთს შეეხიზნა. ეს ხატები ალავერდს დაუბრუნა თეიმურაზის შვილიშვილმა - ერეკლე მეორემ.

XVIII საუკუნეში კახეთის ნოყიერი მიწები თურქმენულმა ტომებმა დაიკავეს, მათ მიიტაცეს ასევე ალავერდის ეპარქიის კუთვნილი მამულები. თავად ტაძარში საქონლის სადგომი მოაწყვეს, მონასტერი კი ციხე-სიმაგრედ აქციეს. 1660 წელს ქართველები აჯანყდნენ და კახეთი დამპყრობთაგან გაწმინდეს.

1668 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ტაძარი დააზიანა. იგი აღადგინა არჩილ მეფემ. მაგრამ 1742 წელს კვლავ იძრა მიწა. ამჯერად, გუმბათი ჩამოიქცა. ტაძრის აღდგენა თავს იდო თეიმურაზ მეორის მეუღლემ დედოფალმა თამარმა, მაგრამ ვეღარ დაასრულა. დედის დაწყებული საქმე ბოლომდე ერეკლე მეორემ მიიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი არაერთხელ შეკეთდა, მან მაინც შეინარჩუნა პირვანდელი სახე. ეს არის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარი. ის აგურითაა ნაშენი და მოპირკეთებულია ყვითელი ტუფის ქვით. კედლების გაწმენდის დროს აღმოჩნდა XI და XV-XVII საუკუნეების მოხატულობაც.

როგორც მთავარ ტაძარში, ალავერდში კრძალავდნენ კახეთის მეფეებს. აქ განისვენებენ: ალექსანდრე I (1476-1511), ალექსანდრე II (1574-1605), თეიმურაზ I (1606-1648) და სხვები. ტაძარში ასვენია კახეთის წამებული დედოფლის - წმიდა ქეთევანის წმინდა ნაწილები.

ალავერდის მონასტერს დიდძალი შემოწირულობა ჰქონდა. მის ეკონომიურ სიძლიერეზე ზრუნავდნენ ჯერ საქართველოს, შემდეგ კი კახეთის მეფეები, რომლებიც მიწებს, სოფლებსა და სხვა სახის ქონებას სწირავდნენ მონასტერს.

ალავერდის მონასტერი ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ უამრავი მოღვაწე გამობრწყინდა. მათ შორის: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVIIსს), ნიკიფორე ირბახი (ნ. ჩოლოყაშვილი, XVIIს), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIIIს) და სხვ.

ალავერდის მონასტერს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სადაც იყო როგორც ადგილზე გადაწერილი, ისე სხვა მონასტრებში შექმნილი ხელნაწერები.

დღესდღეობით, ალავერდის მონასტერი მოქმედია. აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

გამოყენებული წყარო:
ბროშურა „ალავერდის საკათედრო ტაძარი“