ახალი შუამთის ხახულის დედათა მონასტერი

ახალი შუამთის ხახულის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა ვაკეზეა აგებული.

მონასტერი დაფუძვნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574წწ.) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლად ჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

შუამთის მონასტერსა და მის მთავარ ტაძარს არც თინათინ დედოფლის შემდგომ მოჰკლებია ყურადღება: მონასტრის აგებიდან მცირე ხნის შემდეგ, XVI საუკუნის მიწურულს, დედოფლის ასულს თეკლა მონაზონს მონასტრის მთავარი ეკლესიისათვის მთავარანგელოზთა აკვდერი მიუშენებია და მისთვის შეწირულობაც უბოძებია; უფრო მოგვიანებით, მეფე თეიმურაზს 1637 წლის სიგელით მონასტრისთვის შეუწირავს ბაჟი იმ სავაჭრო ქარავანთაგან, რომლებიც გომბორის გზას გაივლიდნენ. ერთი საუკუნის შემდგომ ტაძარი მეფე ერეკლემ განაახლა.

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ხატი ოქროთი და ძვირფასი ქვებით - იაგუნდით, ფირუზებით, ალმასებითა და მარგალიტებითაა მოჭედილი. დღეს ხახულის ღვთისმშობლის ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.

თავისი ისტორიის მანძილზე ახალი შუამთის მონასტერი კახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასულიერო კერას წარმოადგენდა.

XIX საუკუნეში ახალი შუამთის მონასტერი, კახეთის სხვა სასულიერო კერათა მსგავსად, ქვეყნის ძნელბედობის თანაზიარი აღმოჩნდა - სამონასტრო ცხოვრება აქ თანდათან მინელდა. მისი ხელახალი აღორძინება ალავერდის ეპისკოპოსის, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მისი ღვაწლით განახლდა მონასტერი 1899 წელს. მაგრამ განახლების პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.

მონასტრის მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი სტილისაა და აგურითაა ნაგები. ტაძარი აგებისთანავე მოუხატავთ. დღესდღეობით ფრესკები ნაწილობრივ დაზიანებულია. ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტების გვერდზე გვხვდება სამეფო ოჯახის პორტრეტი, სადაც წარმოდგენილია მეფე ლევანი, დედოფალი თინათინი და მათი ძე.

მონასტრის ეზოს ჩრდილო-დასავლეთით აღმართული სამრეკვლო ტაძართან ერთად უნდა იყოს აშენებული.

როგორც ჩანს, მონასტერი ძალზედ მნივნელოვან სასულიერო კერას წარმოადგენდა. ამაზე მეტყველებს მეფე-დედოფალთა და დიდებულთა შეწირულობანი: ბარძიმები, კანდელები, ნაქარგობანი, საეკლესიო ჭურჭელი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონასტერს ჰქონია მდიდარი წიგნსაცავი.

XIX საუკუნეში მონასტრის მთავარი ტაძარი ჭავჭავაძეთა განსასვენებელს წარმოადგენდა. აქ დაუკრძალავთ პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ახალი შუამთის დედათა მონასტრის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ხატწერა, ხელსაქმე, მთარგმნელობითი საქმე, სამონატრო მეურნეობის მოვლა-პატრონობა.

ტაძრის დღესასწაულია 8/21 სექტემბერს - ღვთისმშობლის შობის დღეს, მეორე დღეს კი ეპისკოპოს კირიონის მიერ დაწესებულია დედოფალ თინათინის სულის მოსახსენიებელი მსახურება - წირვა-ლოცვა. ტრადიციულად, მონასტრის წინამძღვარია ეპარქიის მღვდელმთავარი, ამჟამად, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.