ციხისძირი (პეტრა)

ეგრისის (ლაზიკის) ციხეთა შორის გამოირჩევა შავი ზღვის სანაპიროზე განლაგებული სიმაგრეები. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ციხისძირი. ის ქობულეთის რაიონში მდებარეობს.

ვარაუდობენ, რომ ძვ.წ. II საუკუნეში ციხისძირის მიდამოებში პატარა ქალაქი იყო გაშენებული, ციხე კი VI საუკუნეში ააშენა იოანე სტრატეგოსმა. პეტრა ამ ციხესიმაგრის ბერძნული სახელწოდებაა. ქართულ წყაროებში ქაჯეთის ციხედაც იწოდება. ვარაუდობენ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ სწორედ ამ ციხეზეა საუბარი.

ციხისძირის შესახებ ქართული მატიანეები ბევრს არაფერს გვეუბნება. მას ბიზანტიელები იხსენიებენ, როცა ეგრისის დასაპყრობად წარმოებულ ბიზანტია-სპარსეთის ომებზე საუბრობენ.

ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი ერთ-ერთი ბრძოლის აღწერისას ამბობს: „პეტრა ზღვისპირა ქალაქია კოლხეთში. ის უმნიშვნელო იყო წინათ, ხოლო იუსტინე მეფემ გარეზღუდისა და სხვა მინაშენების საშუალებით გაამაგრა და ყოველმხრივ გაამშვენიერა კიდეც“.

ბოლო ათწლეულებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა ციხის ეზოში გამოავლინა დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკისა და აბანოს ნანგრევი. აქ ეკლესიის არსებობა ადასტურებს ცნობას, რომ ლაზიკის ოთხი საეპისკოპოსოდან ერთ-ერთი პეტრაში მდებაორებდა. ციხე მთლიანად მეგრულ-ლაზური სტილისაა. დიდი ციხე ორ გორაზეა გაშენებული, რომელთაც გადამღობი ორმაგი კედელი აერთიანებს, გალავანში ოთხკუთხა და მრგვალი კოშკებია ჩატანებული. ციხეში შესასვლელი ჭიშკარი სამხრეთითაა დატანებული.