ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი

ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში. წმინდა ნინო საქართველოში სომხეთის მხრიდან შემოვიდა და პირველად გაჩერდა ფარავნის ტბასთან, სადაც ორი დღე დაჰყო. აქ მას ჰქონდა სასწაულებრივი ხილვა: წარმოუდგა ნათელი სახის კაცი, რომელმაც მაცხოვრისაგან ბეჭედდასმული ნაწერი გადასცა და უბრძანა მცხეთაში წასულიყო და ეს ნაწერი მეფისათვის მიეცა. გამოღვიძებულმა წმინდანმა ლოცვა აღავლინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და ქართლისკენ გაემართა. წმიდა ქალწულმა მირიან მეფე და ნანა დედოფალიც გააქრისტიანა და სულ მალე კახეთიც მოაქცია. ამიტომაც ჩვენი ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.

წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმინდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ტაძარი XI საუკუნის 30-40-იან წლებში აუშენებია ქართლის კათალიკოსს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ „ქართლისა ბანაქასალარი“ - სავარაუდოდ ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი უნდა ყოფილიყო. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჟამთა სვლის გამო ძლიერ დაზიანებული ტაძრის აღდგენა.

მონასტრის დამკვიდრება მრავალ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა (აქ ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდე აღწევს და თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მონასტერი სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს), აქ სხვა სირთულეებიც იყო. ისტორიული ძნელბედობის გამო ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე შეწყვეტილი იყო მართლმადიდებლური ღვთისმსახურება.

ამჟამად მამათა მონასტერში ხუთი ბერ-მონაზონი და მორჩილი, ხოლო დედათა მონასტერში შვიდი მონაზონი და მორჩილი მოღვაწეობს.

ფოკის დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა. მონაზვნები ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიან ქართულს, ინგლისურს, მუსიკას და ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. მონასტერთან ასევე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, სადაც მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ.

მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ფოკანი“, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და ჭურჭელი მზადდება. 

2007 წლის 27 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მოეწყო ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სახელოსნო „ფოკანის“ ნამუშევრების გამოფენა. სტუდია „ფოკანს“ ხელმძღვანელობს მხატვარი დავით კაკაბაძე (უმცროსი). გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდიის 5-წლიანი არსებობის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები. გამოფენილი იყო ტიხრული მინანქარი, ოქრომჭედლობა, მოზაიკა, კერამიკა. გამოფენის ექსპონატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აღნიშნული გამოფენა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში გაგრძელდა.

დედებს აქვთ ასევე მცირე მეურნეობა, მისდევენ მესაქონლეობას.

შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრისა და მისი მრევლის ძალისხმევით, 1999 წელს მამათა მონასტერში დასრულდა წმინდა ნინოს ტაძრის მშენებლობა. თავდაპირველად ამ ადგილას ღია საკურთხეველი იყო მოწყობილი.

ფოკის დედათა და მამათა მონასტრებს 25 ჰექტარი მიწა ეკუთვნით, სადაც მოჰყავთ მარცვლეული. ყოველ ზაფხულს ფოკაში ერთი თვით ჩადიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ფიზიკური შრომით შეეწევიან მონასტერს. აქ ისინი მონასტრის სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, ესწრებიან წირვა-ლოცვებს, ტარდება სხვადასხვა შეხვედრები, კონფერენციები, გასვლები ამ მხარის წმინდა ადგილების მოსალოცად.

ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა და მამათა მონასტრების დღესასწაული არის 1/19 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
ი. გუნია „საქართველოს მონასტრები“
2005

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
№14, 2007