ჯვარი

IV საუკუნეში, როდესაც ქართლში მირიანი მეფობდა, ერთი კლდის თავზე მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლით ისარნაკრავი, მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. განიზრახეს, სწორედ ამ ხისაგან გამოეკვეთათ ჯვარი პატიოსანი. მართლაც, გააკეთეს სამი ჯვარი. ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავეს ხედავდა. ღამით, სვეტიცხოვლის ტაძარს ვარსკვლავებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადისას ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისაკენ მიდიოდა, მეორე - დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვის გაღმა, ბორცვის თავზე ჩერდებოდა. ამ სასწაულის გამო, ერთი ჯვარი დასავლეთით, თხოთის მთაზე, აღმართეს (იქ, სადაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა), მეორე - აღმოსავლეთით, ქ. უჯარმაში, მესამე კი არაგვის გაღმა, იმ ბორცვზე, რომლის თავზეც ცეცხლოვანი ჯვარი ჩერდებოდა. როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღმართეს, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში. ჯვარს სასწაულთმოქმედი ძალა ჰქონდა, მისგან მრავალი სნეული, უსინათლო და დავრდომილი იკურნებოდა.

VI საუკუნეში ამ ადგილას სტეფანოზ I პირველი ჯვარ-გუმბათოვანი სტილის ტაძარი ააგო. მისი და მისი ძისა და ძმის გამოსახულებები დღესაცაა შემორჩენილი ფილებზე.

ჯვრის ტაძართან დაარსდა მამათა მონასტერი, სადაც დღესაც მოღვაწეობენ ბერები.