ნიკორწმინდა

  „მძლავრი ხელოვნება,
ხალხის ხელოვნება -
ბრწყინავს საქართველოს
ქებად ნიკორწმინდა!“

გალაკტიონი

ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში მდებარეობს. მისი მშენებლობა საქართველოს მეფის, ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუსრულებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ.  აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც.

XI საუკუნე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში ერთ-ერთი უბრწყინვალესთაგანია. ამ დროს აიგო ისეთი შესანიშნავი ძეგლები, როგორებიცაა ბაგრატის ტაძარი, სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი...

XI-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავები იყვნენ კახაბერიძეები. ნიკორწმინდა კი მათი მონასტერი იყო. (XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა).

კახაბერიძეები საქართველოში უძველეს ფეოდალთა - ბაღვაშთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. რაჭის ერისთავების გვარი მათი ადრინდელი წარმომადგენლის - კახაბერის სახელიდან წარმოდგება. ისინი დიდ როლს ასრულებდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

კახაბერიძეები მზრუნველობას არ აკლებდნენ თავიანთ საგვარეულო მონასტერს. მათი შეწევნით ნიკორწმინდას ძალზე მდიდარი მეურნეობა ჰქონდა. მისი მამულები რაჭის საზღვრებს სცილდებოდა და მეზობელ მხარეებზე ვრცელდებოდა. იმისათვის, რომ ფართო მეურნეობისათვის თვალყური უკეთ ედევნებინა, ნიკორწმინდის წინამძღვარს ის ნაწილებად ჰქონდა დაყოფილი და თითოეულ მათგანში ცალკე სასახლე ედგა. სასახლეებს არაერთი საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსო ჰქონდა, მაგრამ ამ ნაგებობებს ჩვენამდე არ მოუღწევია.

XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით VI ნარინმა ღალატისათვის სასტიკად დასაჯა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერიძე, მისი ორი შვილი კონსტანტინეპოლში გადაასახლა, ხოლო რაჭის საერისთავო გააუქმა.

კახაბერიძეთა განადგურების შემდეგ ნიკორწმინდის მონასტერმა გავლენიანი მფარველი დაკარგა, რამაც მისი დასუსტება გამოიწვია.

1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. აქედან მოყოლებული, ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება.

ნიკორწმინდის ტაძრის მორთულობა - ჩუქურთმები, რელიეფები*, ფრესკები - ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება.

ტაძარს თავისი არსებობის მანძილზე დიდი ცვლილებები არ განუცდია. აღსანიშნავია, რომ ნიკორწმინდას გუმბათიც თავდაპირველი შემორჩა. როგორც ცნობილია, XI საუკუნის ტაძრებიდან მხოლოდ მანგლისს და ნიკორწმინდას აქვს პირვანდელი გუმბათები.

ნიკორწმინდის ტაძარი განათებულია თვრამეტი სარკმლით. როგორც სარკმელებს, ისე ყოველ სვეტს, შესასვლელებსა და თაღს მოჩუქურთმებული არშიები მიუყვება. მრავალფეროვანი ჩუქურთმებითაა დაფარული გუმბათის ყელიც.

შესასვლელებსა და სხვა თვალსაჩინო ადგილებში მოთავსებულია რელიეფური სცენები: „ფერიცვალების“, „ქრისტეს მეორედ მოსვლის“, „ჯვართამაღლების“, ასევე „ტახტზე მჯდომი მაკურთხებელი იესო ქრისტეს“, „წმინდა გიორგისა“ და „წმინდა თეოდორეს“ გამოსახულებები.

ნიკორწმინდა ჩუქურთმოვანი მორთულობის ნამდვილი საგანძურია. მნიშვნელოვანია რელიეფებიც, რომელთა მხატვრულ ღირსებასთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე შემორჩენილ ძეგლებს შორის ნიკორწმინდა ერთადერთია, სადაც რელიეფები უცვლელად არის შემონახული. სხვაგან ისინი ან დაკარგულია, ან გადაადგილებულია.

ტაძრის მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება და საკმაოდ კარგადაა ჩვენამდე მოღწეული. წარმოდგენილია სხვადასხვა ქრისტიანული დღესასწაულების ფრესკები, ასევე წინასწარმეტყველების, წმინდა მამების, წმინდანების გამოსახულებები. მრავლადაა საერო პირთა პორტრეტებიც, რომელთაც მხედრული ანბანით შესრულებული წარწერები ამშვენებს. ისინი გვამცნობენ, რომ ეს პირები ადგილობრივი თავადები - წულუკიძეები არიან, რომელთა საგვარეულო საძვალესაც წარმოადგენდა ნიკორწმინდა გვიანშუასაუკუნეებში.

გამოყენებული ლიტერატურა:
ც. ჩაჩხუნაშვილი „ნიკორწმინდა“
თბილისი, 1988

* რელიეფი - ამობურცული გამოსახულება სიბრტყეზე.