თეა ქართველიშვილი

შემოქმედის მონასტერი

შემოქმედის მონასტერი მდებარეობს გურიაში, ქ. ოზურგეთიდან 7-8 კმ-ზე, მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე. მონასტერში არის ორი ტაძარი: ღვთაების ფერისცვალების სახელობისა (ბაზილიკის ტიპის) და ფერიცვალების ხატის გუმბათოვანი ეკლესია „ზარზმა“.

შემოქმედის ფერიცვალების ეკლესია შუა საუკუნეებში აიგო. თავადპირველად იგი ერთნავიანი ნაგებობა იყო, შემდეგ კი მიადგეს გრძივი კედლები და მიაშენეს სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავები.

„ზარზმა“ აშენებულია XVI საუკუნეში. 1577 წელს სამცხე-საათაბაგოში თურქთა უზარმაზარი ლაშქარი შეიჭრა. დიდი საფრთხე დაემუქრა იქ არსებულ სიწმინდეებს. ქართველები იძულებულნი გახდნენ, მრავალი რელიკვია და, მათ შორის, ზარზმის სიწმინდეებიც მეზობელ გურიის სამთავროში გაეხიზნათ. ზარზმიდან გადმობრძანებული ფერიცვალების ხატის დასასვენებლად ვახტანგ I გურიელმა (მთავრობდა 1583-87წწ.) საგანგებოდ ააშენებინა ახალი ტაძარი, რომელსაც სახელი „ზარზმა“ ხატის ადრინდელი ადგილსამყოფელის გამო დაერქვა.

შემოქმედის ტაძარში მოხვდა ზარზმის ბევრი უძვირფასესი ნივთი. მათ შორის, 1008 წლის ვერცხლის ფირფიტა, რომელზეც გამოსახულია გარდამოხსნა, საფალავად დადება და მენელსაცხებლე დედანი. ასევე, XI საუკუნის ხატი, რომელიც ლაკლაკიძეთა ოჯახის საგანგებო დაკვეთით შესრულდა ზარზმის მონასტრისათვის. და რაც მთავარია, ფერიცვალების ხატი, რომელიც საქართველოში დღემდე შემორჩენილ ხატებს შორის უძველესია. ერთ-ერთი წარწერის მიხედვით, ხატი 778 წლით თარიღდება, თუმცა ხელოვნებათმცოდნეთა ვარაუდით, უფრო ძველია. ფერიცვალების ხატი ჭედურია და მორთულია მრავალფეროვანი ორნამენტებით.

შემოქმედის „ზარზმა“ ლამის მიდგმულია ღვთაების ტაძართან.

შემოქმედი შუა საუკუნეების ერთ-ერთი კულტურული და მწიგნობრული ცენტრი იყო.  XV საუკუნიდან აქ გადმოვიდა საეპისკოპოსო კათედრა, ამიტომ დიდ ყურადღებას აქცევდნენ შემოქმედელი ეპისკოპოსები და გურიის მთავრები. ტაძრის შემკობა-განახლებას დიდი ღვაწლი დასდეს ეპისკოპოსებმა: მაქსიმე მაჭუტაძემ (გარდაიცვალა 1657წ.), მალაქია გურიელმა (1577-1639წწ.), იაკობ დუმბაძემ და ნიკოლოზ გურიელმა. მალაქია გურიელის დროს მთელი ტაძარი მოუხატავთ. მის მომდევნო ეპისკოპოს მაქსიმე მაჭუტაძესაც ჩაუტარებია სარესტავრაციო სამუშაოები, ტაძარი გაუფართოვებია და ახალი ფრესკებით შეუმკვია.

შემოქმედს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია. აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები და გადამწერთა მთელი დასი. ჩვენთვის ცნობილია მღვდელი საბა (XVIII ს.) და მისი თაბუნი (გუნდი), რომელთაც გადაუწერიათ შემოქმედისა და სოფელ გურიანთის ეკლესიის გულანები (საეკლესიო კრებულები). შემოქმედში საგადამწერლობო საქმიანობის აღორძინებას ხელს უწყობდა ეპისკოპოსი იაკობ დუმბაძე. იგი არა მარტო მატერიალურად ეხმარებოდა მონასტერს, არამედ თავადაც მონაწილეობდა სასულიერო წიგნების გადაწერაში. შემოქმედის „გულანი“ 1004 ფურცლისგან შედგება და ორ ფუტს იწონის. მასში მრავლადაა სხვადასხვა ფერის საღებავებით შესრულებული ნახატი, რომლებზეც წმინდანები არიან გამოსახულნი. „გულანი“ ლამაზი კალიგრაფიითაა დაწერილი. იგი გადაუწერიათ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში: ათანასე ქავუარაძეს, მთავარდიაკონ იოანეს, მდივანს იოანეს, მღვდლებს: საბა და იოსებ ტუსკიებს. „გულანს“ ერთ ადგილას საბა ტუსკიას მინაწერიც აქვს, რომელიც გვატყობინებს, რომ ამ წიგნზე 18 წელი უშრომიათ. დღესდღეობით „გულანი“ დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

შემოქმედის მონასტერი არაერთხელ გაძარცვეს თურქებმა. მათ ლაშქრობებს შეეწირა მრავალი შესანიშნავი ნიმუში ქართული მწერლობისა. დააზიანეს თვით ტაძარიც, დაანგრიეს სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით (1833წ.) აღდგა. XIX საუკუნეში ოსმალთა თარეში შეწყდა, მაგრამ შემოქმედი მაინც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საქართველოში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ რუსი ეგზარქოსების ძაცვა-გლეჯის პოლიტიკამ გურიასაც დაასვა დაღი. რამდენჯერმე გაიძარცვა შემოქმედის მონასტერი. აქედან წაღებული განძეულობა ჯერ რუსი კოლექციონერების ხელში მოხვდა, შემდეგ კი უცხოეთის მუზეუმებმა და კოლექციონერებმა დაისაკუთრეს. ტაძარში დარჩენილ ნივთებსაც არ დადგომიათ კარგი დღე. იმ პერიოდის პრესაში ხშირად აღინიშნებოდა შემოქმედის სავალალო მდგომარეობა. სახურავიდან ჩანოდიოდა წვიმის წყალი და ნადგურდებოდა უნიკალური ხელნაწერები. 1905 წელს ეკლესიის სახურავი შეაკეთეს, გამოცვალეს ტაძრის პერანგი. ამჟამად შემოქმედი კვლავ საეპისკოპოსო კათედრაა. 1995 წელს აღდგა შემოქმედის ეპარქია და იგი მთელ გურიას მოიცავს.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№39, 2000