ქართლი და მისი ღირსშესანიშნაობანი

თავდაპირველად, ქართლის დედაქალაქი იყო მცხეთა. ის ძალიან ძველი ქალაქია და „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მისი სახელი ქართლოსის ერთ-ერთი ვაჟის, მცხეთოსის, სახელიდან წარმოდგება, თუმცა სხვები იმასაც ამბობენ, რომ მცხეთა მესხთა ქალაქს უნდა ნიშნავდესო.

სვეტიცხოველი

მცხეთა ოდითგანვე სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. ის ძალიან ლამაზი და განვითარებული იყო. მართალია, მცხეთა დღეს დედაქალაქი არ არის, მაგრამ ის საქართველოს სულიერ ცენტრად ითვლება. მას მეორე იერუსალიმსაც უწოდებენ. ამის მიზეზი კი მის გულში დაფლული უფლის კვართია, რომელიც საქართველოში მცხეთელი ებრაელების წყალობით მოხვდა. ებრაელთა ეს შტო საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის წინ ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც მათი ქვეყანა წარმართმა მეფემ - ნაბუქოდონოსორმა - მოაოხრა, ებრაელთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. და აი, ერთი ნაწილი მცხეთაში ჩამოვიდა, მათ თან ჰქონდათ წინასწარმეტყველ ელიას ხალენი, რომელიც დღემდე სვეტიცხოვლის ტაძარშია დასვენებული. იქვე, მთავარი საკურთხევლის მარჯვენა მხარეს არსებულ მცირე საკურთხეველში არის ელიას ჭა, რომლის წყალსაც მაკურნებელი ძალა აქვს.

ამ ებრაელთა შთამომავალი იყო ელიოზი, რომელიც იესუ ქრისტეს მოღვაწეობის დროს ცხოვრობდა. ებრაელებმა უფლის განკაცების შესახებ სპარსელი მოგვებისაგან შეიტყვეს, რომლებიც განგებ ჩამოვიდნენ იუდეაში მესიის თაყვანსაცემად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ხედავდნენ უფლის უამრავ სასწაულსა და ახდენილ წინასწარმეტყველებებს, მაინც არ სურდათ დაეჯერებინათ, რომ იგი იყო სწორედ ის მხსნელი, რომელიც უფალმა ჯერ კიდევ ადამსა და ევას აღუთქვა სამოთხიდან გამოძევების შემდეგ. ამიტომ მათ იესუს მოკვლა განიზრახეს. სამსჯავროზე დასასწრებად კი რჯულისმეცნიერთ მოუხმეს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული თავისი თანატომელებისაგან. საქართველოდან ამ ბჭობაზე დასასწრებად ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსელი წავიდნენ. მაგრამ ელიოზმა და მისმა ოჯახმა ქრისტეში ჭეშმარიტი მესია შეიცნო, ამიტომ ელიოზს დედამ სთხოვა, უფლის გასამართლებაში მონაწილეობა არ მიეღო; დამ კი - სიდონიამ - დააბარა, თუნდაც მცირე ნივთი ჩამოეტანა, რომელიც უფლის ხელშენახები იქნებოდა. იერუსალიმში ჩასულმა ელიოზმა და ლონგინოზმა იესუ ქრისტეს ჯვარცმაში მონაწილეობა მართლაც არ მიიღეს. ღვთის განგებულებით, მათ შეხვდათ უფლის კვართი, რომელიც მხედრებმა ვერ გაჭრეს, რადგან ერთიანად იყო ნაქსოვი, რის გამოც მასზე წილი იყარეს. სწორედ მათგან იყიდეს კვართი ელიოზმა და ლონგინოზმა. ისინი ძვირფასი ძღვენით სასწრაფოდ დაბრუნდნენ საქართველოში. ელიოზის მოახლოება რომ შეიტყო, სიდონია ძმას ქალაქის შესასვლელთან მიეგება, აცრემლებულმა მიიკრა გულზე უფლის კვართი და გარდაიცვალა. მაშინ მცხეთას წარმართი მმართველი - ადერკი - განაგებდა, რომელსაც კვართი ძალიან მოეწონდა და მისი მისაკუთრება განიზრახა, მაგრამ სიდონიას კვართი ხელიდან ვერაფრიით გააშვებინეს და ისინი ერთად დაკრძალეს. იმ ადგილას მშვენიერი, საოცრად სურნელოვანი, საკვირველი ხე ამოვიდა, რომლის ფოთლებიც ისარნაკრავ, მომაკვდავ ნადირს კურნავდა.

გავიდა დრო და ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა. განვლო სამმა საუკუნემ...

კაბადუკიაში, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ცხოვრობდა ქრისტიანი ცოლ-ქმარი, ზაბულონი და სოსანა. მათ ჰყავდათ ერთი გოგონა, რომელსაც ნინო ერქვა. დიდმოწამე გიორგი, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებულ პატივს სცემენ, სწორედ ამ ოჯახის ნათესავი იყო.

თორმეტი წლის ნინოს გამზრდელმა უამბო უფლის კვართის ამბავი. ნინომ ისიც შეიტყო, რომ ქვეყანა, სადაც კვართი დავანებულიყო, წარმართული იყო, რამაც ქალწული კიდევ უფრო დაამწუხრა და გადაწყვიტა ქართველებისათვის ჭეშმარიტი სარწმუნოება ექადაგა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალე, მას ღვთისმშობელი გამოეცხადა, უკურთხა განზრახვა და ვაზის ჯვარი გადასცა.

ნინო საქართველოსაკენ გამოეშურა. თავდაპირველად ის ფარავნის ტბასთან შეჩერდა, შემდეგ კი გზა აღმოსავლეთისაკენ გამოაგრძელა და მცხეთაში ჩავიდა. მაშინ მეფის სასახლე მცხეთაში, ერთ მშვენიერ ბაღში იდგა. სწორედ ამ ბაღში დასახლდა ნინო. რამოდენიმე ღამე მან იქვე მაყვლის ბუჩქში გაათია, შემდეგ კი იქვე მდგარ ერთ ქოხში დაბინავდა. ეს მაყვლოვანი დღესაცაა სამთავროს მონასტრის ეზოში, პატარა საყდრის გვერდზე.

მალე წმინდა ნინოსკენ უამრავმა ხალხმა იწყო სვლა, რომელთაც სურდათ მოესმინათ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, ქალწული რომ უქადაგებდათ და თან სნეულებათაგანაც განკურნებულიყვნენ, რადგან უფალმა წმინდა ნინოს ეს მადლიც მიანიჭა. ეს ამბავი შეიტყო დედოფალმა ნანამ, რომელსაც უკურნებელი სენი შეჰყროდა და ქალწულს დახმარება სთხოვა. წმინდანმა უპასუხა, თუ ირწმუნებ და აღიარებ ჭეშმარიტ ღმერთს, მისთვის შეუძლებელი არაფერიაო. დედოფალმა ნანამ გულით ირწმუნა ყოველივე, რაც ქალწულისაგან მოისმინა და მისივე ლოცვით განიკურნა. მადლიერი დედოფალი წმინდა ნინოს ერთგული მოწაფე გახდა. მაგრამ მისი მეუღლე, მეფე მირიანი, წარმართობას არ თმობდა. მან წმინდანის მოკვლაც კი განიზრახა. მაგრამ მოხდა სასწაული:

სანადიროდ გასულ მეფეს, დღისით-მზისით, მზე დაუბნელდა. უკუნი ღამე შეიქნა. უკან დაბრუნებაც შეუძლებელი გახდა. მეფე ბევრს ევედრა თავის კერპებს, მაგრამ საშველი არ იყო. მაშინ სასოწარკვეთილმა წამოიძახა: ნინოს ღმერთო, თუ მართლა შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, დამეხმარეო. თქვა თუ არა ეს, წამსვე განათდა. მეფე მაშინვე ჩამოხტა ცხენიდან, დაეცა მუხლებზე, ხელები აღაპყრო და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, რომელსა ნინო იტყვის“.

ქალაქში დაბრუნებულმა მეფემ პირდაპირ წმინდა ნინოსაკენ გასწია და თავს გადამხადრი ამბავი უამბო, თან სთხოვდა დაწვრილებით ეამბნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მაგრამ საქართველოს არ ჰყავდა სამღვდელოება, რომ ხალხი მონათლულიყო, ამიტომ მირიან მეფემ დახმარებისათვის ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე დიდს, მიმართა, რომელმაც სიხარულით გამოგზავნა საქართველოში ეპისკოპოსები და მღვდლები და საქართველოს ეკლესიას სიწმინდეებიც უსაჩუქრა. ესენი იყო: სამსჭვალი, ანუ ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე მიაკრეს და ფიცარი, რომელზეც ფეხები ჰქონდა მიჭედებული მაცხოვარს.

მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოინათლნენ მეფე, დედოფალი და სრულიად ქართლი და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მადლიერმა მეფემ მცხეთის გულში, სადაც კვართი ასვენია, ტაძრის აგება განიზრახა, რომელიც ხისა უნდა ყოფილიყო. ხუროებმა ნაძვის ხისაგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. წმინდა ნინო ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეციდან ნათლით შემოსილი ჭაბუკი გარდამოხდა, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი გაბრწყინდა და ჰაერში დაეკიდა. მასთან მიახლოებისას ავადმყოფები იკურნებოდნენ. ამ სასწაულის გამო, ტაძარს სვეტიცხოველი უწოდეს.

სვეტიცხოვლის ტაძარი ყოველთვის ისეთი არ ყოფილა, როგორიც დღესაა. თავიდან ის ხისგან იყო ნაგები, მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა მის ადგილზე ქვის ბაზილიკური ტიპის ტაძარი ააშენა, მაგრამ მეთერთმეტე საუკუნეში ის ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ და საქართველოს მეფემ - გიორგიმ - ძველი ტაძრის მაგივრად, ახალი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ააგო.


სვეტი, რომლის ქვეშაც დაფლულის უფლის კვართი

სვეტიცხოველიდან საუკუნეების განმავლობაში მირონი მოედინებოდა, რომელიც მრავალ ადამიანს კურნავდა. მეჩვიდმეტე საუკუნეში, როდესაც საქართველო შაჰ აბაზს ჰყავდა დაპყრობილი, მან შეიტყო უფლის კვართის საქართველოში არსებობის შესახებ და გადაწყვიტა, პოლიტიკური მიზნით, კვართი რუსთა მეფისათვის გაეგზავნა, მაგრამ ღვთის განგებით, ვერ იპოვა. რამდენჯერაც იმ ადგილის თხრა დაიწყეს, იმდენჯერ მთხრელები დაბრმავდნენ, ბოლოს შეშინებულებმა განზრახვაზე ხელი აიღეს. იმ დროიდან სვეტიცხოველმა მირონდენა შეწყვიტა.

სვეტიცხოველში სამი საკურთხეველია. მთავარი საკურთხეველი თორმეტი მოციქულის სახელზეა ნაკურთხი. ამიტომ ტაძრის დღესასწაული ძველის სტილით 30 ივნისს, ახალი სტილით კი 13 ივლისს, თორმეტი მოციქულის ხსენების დღესაა. სვეტიცხოვლის სასწაულთან დაკავშირებული დღესასწაული კი ძველი სტილით 1 ოქტომბერს, ახალი სტილით 14 ოქტომბერს აღინიშნება და მას ხალხში „სვეტიცხოვლობას“ ეძახიან.