უფლისციხე

ქ. გორთან ახლოს, მტკვრის მარცხენა ნაპირას, მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელსაც უფლისციხე ჰქვია. ის ძალიან ძველი ქალაქია, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცვამდე გამოკვეთილი. უფლისციხე შიდა ქართლში მცხოვრებთა ცენტრი იყო, სადაც მათი მეთაური (მამასახლისი), ანუ უფალი იჯდა. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელიც - „უფლისციხე“.

ქალაქი ძლიერ განვითარებული იყო. ამას მოწმობს იქ აღმოჩენილი სხვადასხვა სათავსო, საწნახელები, დარბაზი, ოთახის ტიპის გამოქვაბულები და გზის ნაწილი. უფლისციხეს საუკუნეების მანძილზე სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც სამ ეკლესიას აერთიანებს.

უფლისციხეს ერთი მხრიდან კლდეები იცავდა, სხვა მხრიდან კი კლდეში გაჭრილი თხრილები. ქალაქიდან მტკვრის ნაპირთან ჩადიოდა საიდუმლო გვირაბიც.

უფლისციხემ, როგორც ქალაქმა, არსებობა მეცამეტე საუკუნეში შეწყვიტა, მონღოლთა შემოსევების დროს. დღეს ნაქალაქარი ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს წარმოადგენს.