ვარძია

ლეგენდა მოგვითხრობს:

ერთხელ, როცა პატარა გოგონა იყო, ბიძამისმა თამარი დღევანდელი ვარძიის ალაგას წაიყვანა, იქვე კლდეებთან გაუშვა, თვითონ კი ნადირობას მიეტანა. ნადირობიდან მობრუნებულმა, თამარი იქ ვეღარ იპოვა; მას შეეშინდა, ბავშვი ამ კლდეებში ხომ არსად გადავარდაო, და ძახილი დაიწყო, გოგო, თამარ, სადა ხარო? თამარი კი თამაშ-თამაშ კლდეებს ზემოთ მოქცეოდა, ბიძამისის ხმა რომ გაიგონა, უპასუხა: „აქა ვარ, ძია!“ ამბობენ, ამ ადგილს სწორედ ამიტომ ეწოდაო ვარძია.

ცოტა მოგვიანებით, გიორგი მესამემ განიზრახა ამ მიდამოებში კლდეში ქალაქი გამოეკვეთა. გეგმა შეადგინეს და პირველი „სახლებიც“ გამოკვეთეს, მაგრამ გიორგი გარდაიცვალა. თამარმა გეგმა ცოტათი შეაცვლევინა და ქალაქის ცენტრში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი გამოაკვეთინა. ბასიანის ბრძოლის დროს სწორედ აქ ავედრებდა ქართველთა გამარჯვებას ტაძარში დაცულ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც შემდგომში ვარძიის ღვთისმშობლის ხატი ეწოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა მაჰმადიანთა 400 000-იანი არმია გაანადგურეს, ამიტომ ამ ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.

ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. 

ვარძია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში მდებარეობს ასი მეტრის მიუვალ კლდეში. ის ხუთასი მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული. გამოკვეთილია ცამეტ სართულად სამფეროვანი კლდის შუა - მოყავისფრო ნაწილში, ხოლო ზედა, მუქი რუხი ფენა სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა განლაგებული, რის გამოც ისინი ნათელი და თბილია.

ცენტრალურ ნაწილში გამოკვეთილია ტაძარი, სამრეკლო, რომლის ქვეშაც საწნახელისა და სატრაპეზოს გამოქვაბულებია. დასავლეთით ე.წ. კლდის სოფელი - ანანაური მდებარეობს, სადაც შემორჩენილია კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, წყალსადენის გვირაბი და გვირაბები სხვა მნიშვნელოვანი სათავსებისათვის. აქაც არის პატარა ეკლესია.

აღმოსავლეთ ნაწილი ყველაზე კარგადაა ჩვენამდე მოღწეული. აქ 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებულია გამოქვებულები და დაბლა ჩასასვლელი გვირაბი, აქვე ყოფილა სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“, „წამლის სასახლე“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე საცხოვრბელი გამოქვაბული.

ვარძიის ტაძრებში შემორჩენილია მოხატულობა, რომელიც ვინმე გიორგი მხატვარს შეუსრულებია. ერთ კედელზე გვხვდება გიორგი მესამისა და თამარ მეფის პორტრეტები.

მონღოლთა ბატონობის ხანაში ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. ერთხელ, აღდგომის წინა დღეს საშინელი მიწისძვრა მოხდა სამცხეში, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვებულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის ნაწილი, დააზიანა წყალსადენი. ამის შემდეგ ვარძიამ სრულებით იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ახალი ნაგებობები: ოთაღიანი შენობა ტაძრის გასამაგრებლად, სამრეკლო და სატრაპეზო.

მეთექვსმეტე საუკუნეში ვარძია სპარსელებმა დაარბიეს შაჰ-თამაზის ბრძანებით. სწორედ მათ გაიტაცეს ვარძიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ ვარძიის სიდიადისა და სიმდიდრის მნახველნი.

ამ დარბევის შემდეგ ვარძია გაუკაცურდა. ის თანდათან ზიანდებოდა მოუვლელობის გამო, მაგრამ შველა არ იყო. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყეს ვარძიაში აღდგენითი სამუშაოები, შეკეთდა მისასვლელი გზა, ხელახლა იკურთხა ტაძარი და მონასტერში მღვდელი და ორი მორჩილი დასახლდა. მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასტრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ ჯერ ტურისტული ბაზა გაიხსნა, შემდეგ კი მუზეუმი.

დღესდღეობით ვარძიაში მამათა მონასტერი ფუნქციონირებს, ზემო ვარძიაში კი დაარსდა დედათა მონასტერი.  მუდმივად აღესრულება წირვა-ლოცვა და კვლავ ისმის „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“.