აი ეგ დიდო მე მოვკალ...

კახეთს XVIII-XIX საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან შეიარღებული რაზმები საძარცვავად შეესეოდნენ ხოლმე. კახელი მოსახლეობა იძულებული იყო, ყანებსა და ვენახებში სამუშაოდ წასულებს საბრძოლო იარაღიც თან წაეღოთ. კახეთის ერთი პატარა სოფლიდან ყანაში წასულ გლეხებს სოფელში პატარა ბავშვები დაუტოვებიათ ცოტა მოზრდილი, 12-13 წლის ბიჭის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროს სოფელს ლეკთა მარბიელი ლაშქარი შემოსევია. სოფელში დარჩენილი ბავშვები და მოხუცები ერთ სახლში დაუმწყვდევიათ, დანარჩენები კი ყანებს შესევიან დასარბევად. სოფელში დარჩენილ დიდოს სახლში ღვინო უპოვია და დაულევია. მაჰმადიანებს თავიანთი სარწმუნოება ღვინოს სმას უშლის, სასმელს უჩვევი დიდო მალევე დათვრა და მთელი აგრესიის გამოვლინება თოთო ბავშვების მიმართ დაიწყო – ხმალი იშიშვლა და ბავშვებისა და მოხუცების აკუწვას შეუდგა. 12-13 წლის ქართველმა ბიჭმა, რომელიც თავისი თანასოფლელების ხოცვა-ჟლეტის ამაზრზენ სანახაობას შეესწრო, კედელზე დაკიდებული მამა-პაპური ხანჯალი ჩამოხსნა, დიდოს მიეპარა და კისერში ჩასცა. სოფელში მობრუნებულმა ლეკებმა რომ თავისი თანამებრძოლი მოკლული ნახეს, მოსახლეობა ერთად ჩაამწკრივეს და ყველას დახოცვით დაემუქრნენ, თუკი მკვლელი არ გამომჟღავნდებოდა. ის-ის იყო სისხლმოწყურებულ მოთარეშეებს უდანაშაულო ხალხის ამოხოცვა უნდა დაეწყოთ, რომ პატარა ბიჭუნა ჯიქურ გამოვიდა მწკრივიდან და უშიშრად განაცხადა: „აი ეგ დიდო მე მოვკალ, სახელ არ დამიკარგოთაო!“ ამგვარი უსახელო ქართველების თავდადებამ, რომლებიც ბავშვობიდანვე სამშობლოს უანგარო სიყვარულით იზრდებოდნენ, ქართველ ერს გაუსაძლისი გაჭირვების დროსაც კი ეროვნული თვითმყოფადობა შეუნარჩუნა.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ჟურნალი „ცისარტყელა“, 3