მოხერხებული ერისთავი

ქსნის ხეობას თათრები შეესივნენ. ერისთავი ციხეში გამაგრდა და მტერს დროდადრო იქიდან უტევდა. ომი გაგრძელდა.

ერთხელ ფაშამ მსახურს ერისთავთან შემწვარი ბატკანი გაატანა და დაცინვით შეუთვალა: „ვიცი, ულუკმაპუროდ ხარ, ამიტომ შემწვარ ბატკანს გიგზავნი, რომ ცოტა ხნით სული მოითქვა“.

ქვირითობის პერიოდი იყო, ამიტომ თევზი მდინარის სათავისაკენ მიდიოდა. იმ დღეს, სანამ ფაშას მსახური ერისთავს შემწვარ ბატკანს მიართმევდა, ასეთი რამ მოხდა: ქსნის ხევში არწივს ორაგული დაეჭირა და მაღლა მიაქანებდა. როცა კოშკის თავს გაუსწორდა, ერთმა ქართველმა არწივს თოფი ესროლა და მსუბუქად დაჭრა. არწივს ორაგული გაუვარდა და თევზი ციხის ეზოში ჩავარდა.

ერისთავმა ფაშას ეს ორაგული გაუგზავნა და თან ასე შეუთვალა: „ჩემზე ნუ სწუხარ, პურ-ღვინო არ გვაკლია, ცოცხალი ორაგულიც თავზე საყრელად გვაქვს!“

ფაშამ იფიქრა, თუ ციხესიმაგრეში ქართველები ცოცხალ ორაგულს მიირთმევენ, არხეინად იქნებიან და ციხეს მთელი წელიწადი არ დათმობენო. ამიტომ ჯარიანად უკან გაბრუნდა.

ასე იხსნა მოხერხებულმა ერისთავმა ციხესიმაგრე მტრისაგან.

გამოყენებული წყარო:
საბავშვო გაზეთი „ალილუია“
№14(51), 2005