სადღეგრძელო

ერთხელ რუსი პოეტი სერგეი ესენინი საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა. ქართველმა პოეტებმა გულითადი მასპინძლობა გაუწიეს. საპატიო სტუმარი კოჯრის ციხეზე აიყვანეს, საიდანაც დიდებულად ჩანდა დათოვლილი კავკასიონი, ბებერი თბილისი, მწუხარე მარაბდა, დაუვიწყარი დიდგორი. მერე ბეთანიის მონასტერში დიდებული თამარის ხატი ინახულეს.

უკან რომ ბრუნდებოდნენ, სამადლოზე თეთრ დუქანში ისადილეს. სტუმრის თხოვნით სუფრა გზისპირა მდელოზე გააშლევინეს.

გაიმართა ლხინი. პოეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ენამზეობაში. საღამოპირზე ურმები გამოჩნდა. ქალაქში სავაჭროდ ჩასული გლეხები უკან ბრუნდებოდნენ. რამდენმა მეურმემაც გაიარა, ესენინმა სუფრასთან მიიწვია - დაილოცეო.

ერთმა მეურმემ ყანწი ჩამოართვა და უთხრა: - ცოტა გვერდზე მიდექ, თამარ მეფის ოქროს ქოშის ნაკვალევი არ წაშალო. თუ ვერ ხედავ, დაიჩოქე, მიწას სული შეუბერე და გამოჩნდება. ასეა, ჩემო ძმისწულო, ქართველები ჩვენს წმინდა მიწაზე ვდგავართ. ხშირადაც ვიჩოქებთ და ვკოცნით წინაპრის ნაფეხურსა. ძალაც იქიდან გვეძლევა. იმიტომ არი, მტერი და დუშმანი რომ ვერ გვერევაო. ეს იმათი დიდებისა იყოს, ვისაც აქ გაუვლია, კვალი დაუტოვებია, ხატი და სანთელი უდიდებია, თვითონ თავი გაუწირია და ჩვენი მიწა-წყალი დაუცავს, ჩვენი ჯილაგი დღემდე მოუტანიაო.

მეორემ თქვა: - ღმერთმა პურისჭამა ნუ მოგიშალოთ. ვინც თქვენს შემდეგ ამ მდელოზე სუფრას გაშლის და თქვენ გაგიხსენებთ, ვინც მწყურვალს ღვინოსა და მშიერს ლუკმას მიაწვდის, პერანგს გაიხდის და სხვას ჩააცმევს, წარსულის შესანდობარსა და მომავლის დღეგრძელობას იტყვის, სიკეთის უღელში შეებმევა და კაცობის კვალს დატოვებს - იმას გაუმარჯოსო.

მესამემ თქვა: - საითაც წადგეთ და წამოდგეთ, ამ დაღლილი მზის მადლი ნუ მოგეშალოთო.

მეოთხემ თქვა: - გაუმარჯოს ხარის ქედს, გუთნის ღვედს, ცის ნამს, დედამიწის მოსავალს, კაცის მარჯვენას და მშობიარე დედაკაცსაო.

და უცებ ესენინი ცხარე ცრემლით ატირდა.

- რა ატირებს ესენინსო? - შეწუხდნენ პოეტები.

- რა მატირებს და ჩემი უძლურება - მე რუსეთის დიდ პოეტს რომ არ შემიძლია სადღეგრძელოს ისე ლამაზად თქმა, ეს უსწავლელი გლეხები რომ ამბობენო. - თქვა ესენინმა.

გამოყენებული წყარო:
გ. მაისურაძე „უტეხი სული საქართველოსი“
თბილისი, 1998