უსახელო გმირი

ჩვენს სამშობლოს - საქართველოს - მტერი მუდამ ულევი ჰყავდა. ღვთივკურთხეულია, ლამაზი, მდიდარი და იმიტომ. ჩვენც დღემუდამ ვიცავდით მას.

ერთხელ თათართა ურიცხვი ლაშქარი შემოგვესია. ხალხი მთებსა და ტყეებში გაიხიზნა, ციხე-სიმაგრეებს შეაფარა თავი, მეფეც ერთ ციხე-სიმაგრეში გამაგრდა. მოსახლეობის ნაწილიც აქ იყო.

მტერმა ციხე-სიმაგრეს ალყა შემოარტყა.

ერთ დღეს ხელმწიფე ციხის ქონგურთან იდგა და ფიქრობდა, როგორ განედევნა მოძალადე. ამ დროს მასთან კაფანდარა ბერიკაცი მივიდა და მოკრძალებით უთხრა:

- მეფეო, ჩემი მოკლე ჭკუით მტრის განდევნის ხერხი მოვიფიქრე, მხოლოდ ძალა მჭირდებაო.

- მაინც რა ძალა გჭირდებაო? - ღიმილით ჰკითხა მეფემ.

- ასი მუშაკაცი, ასი ბარი და ასი წერაქვი, - უპასუხა ბერიკაცმა.

- მერედა, რას აპირებო? - გულისხმაში ჩავარდა ხელმწიფე.

ბერიკაცმა მიუგო:

- მთავარი კარიბჭის უკან ახალ კარს ჩავდგამ. ამ კარის უკანა მხრიდან სამ გვირაბს გავიყვან ციხის ეზოსკენ. კარიბჭეში შემოჭრილი მტერი ძალაუნებურად გვირაბებს მიაწყდება, რადგან აქ სხვა გასასვლელ-გამოსასვლელი ამოქოლილი იქნება. გვირაბების ბოლოში მტრის მეომრებს ჩვენი მეციხოვნეები დახვდებიან და სათითაოდ დახოცავენო.

- მერედა, თათრები შენს ეშმაკობას ვერ მიხვდებიან? - ჰკითხა მეფემ ბერიკაცს.

- ვერ მიხვდებიან. როცა გვირაბებს გავიყვან, ხელ-ფეხი შემიკარით, ციხის გასაღები გამაყოლეთ და გალავნიდან გადამაგდეთ, თან მომაძახეთ, მოღალატე ძაღლური სიკვდილის ღირსიაო, ჰოდა, თათრები ჩემს მოღალატეობას ირწმუნებენ.

- რომ არ ირწმუნონ და მოგკლან? ან როცა თავიანთ მარცხს ნახავენ, მაშინ მოგიღონ ბოლო?

- მომიღებენ და მომიღონ. დიდი საქმე უმსხვერპლოდ არ კეთდებაო.

მეფე მიხვდა, რომ ბერიკაცს თავი გადაედო, ოღონდაც ქვეყნისათვის რამე ერგო. ჰოდა, სიკვდილი არ აცდებოდა. შეეცოდა და მის რჩევას არ დაჰყვა.

ბერიკაცმა თავისი დაიჟინა:

- სულ ერთია, მტერი ყველას ამოგვწყვეტს. მერედა, ბევრის სიკვდილს ერთის სიკვდილი არ სჯობსო?

- ხელმწიფე დაეთანხმა.

ციხიდან გადაგდებული ბერიკაცი თათრებმა მაშინვე მიჰგვარეს თავიანთ სარდალს. სარდალმა მოუსმინა მას, გასაღები გამოგლიჯა და უთხრა: თუ გულში მზაკვრობა გიდევს, თავი მხრებზე არ შეგრჩებაო, ჯარს კი უბრძანა, ციხისთვის შეეტია.

გადიოდა ხანი, მაგრამ ციხიდან თათრების გამარჯვების ყიჟინა არ ისმოდა. უცებ ციხის მეორე კარიბჭე გაიხსნა. იქიდან ქართველი მეციხოვნენი გამოიჭრნენ და ზურგში მოექცნენ თათრებს. მიხვდა სარდალი, რომ ბერიკაცმა გააცურა; ჰაიტ, შე მართლა გიაუროო, დაუყვირა და ხმლით თავი გაუჩეხა. შემდეგ ცხენს მოახტა და თათრის განახევრებულ ჯართან ერთად მოკურცხლა. მეციხოვნეები უკან გამოუდგნენ.

დამთავრდა ბრძოლა. გახარებულმა ხალხმა ციხიდან თავის ეზო-კარს მიაშურა. მეფემ ბერიკაცი მოიკითხა. უთხრეს, ციხის ქვემოთ თავგაჩეხილი წევსო. ხელმწიფემ თავი ჩაჰკიდა მწუხარებით. იკითხა, მისი სახელი თუ იცის ვინმემო, მაგრამ თავდადებული ბერიკაცის სახელი არავინ იცოდა.

- რა უგულოები ვართ, კაცმა ქვეყანას სიცოცხლე შესწირა და სახელი რაა, თავის დროზე სახელიც არ გვიკითხავს მისთვის. აიყვანეთ და ციხის ყველაზე მაღალ ადგილას დაკრძალეთ ეს უსახელო, მაგრამ უკვდავი გმირი, რომ იქიდან გადასცქეროდეს საყვარელ სამშობლოს, - თქვა მეფემ.

ამბობენ, უსახელო გმირის საფლავზე მალე სისხლისფერი ვარდი ამოვიდა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ჰყვავის, ხოლო ანგელოზები სანთლებს ანთებენ. ამიტომ იმ არემარეს მუდამ ნათელი ადგასო.