გურჯები

გურჯები იმ ქართველებს ჰქვიათ, რომლებიც ჩვენსავით ქართულ ენაზე მეტყველებენ. ისინი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ. ტაო-კლარჯეთში, რომელიც ძველი მესხეთის ნაწილია, ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი მდებარეობს: ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, პარხალი, ტბეთი, ბანა, დოლისყანა, ხანძთა და სხვ. აქვეა უამრავი ციხე-სიმაგრე და ხიდი, რომელთაც თამარის სახელს უკავშირებენ.


ოშკი

მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით უფრო ახლოს იყო ძველი კულტურისა და განათლების ქვეყნებთან: პალესტინასთან, ბიზანტიასთან, კაბადოკიასთან, რომთან. ამიტომ აქ უფრო იოლად აღწევდა ამ ქვეყნების სიახლეები. საქართველოს კუთხეებიდან სწორედ მესხეთში გავრცელდა პირველად ქრისტიანობა. ამ კუთხის შვილები იყვნენ აშოტ და დავით კურაპალატები, შოთა რუსთაველი, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები. აქ მოღვაწეობდა წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელი. ამ კუთხემ დიდი როლი ითამაშა დანაწევრებული საქართველოს გაერთიანებაში. მესხეთი საქართველოს განაპირა კუთხე იყო, ამიტომ მტერი, პირველ რიგში, ამ კუთხეს აწიოკებდა. შესაბამისად, მესხები დიდი პატრიოტები იყვნენ. სწორედ ამიტომ გაერთიანებული საქართველოს ლაშქარს წინ ყოველთვის მესხები მიუძღოდნენ და მომხდურს პირველად ისინი ეკვეთებოდნენ.

ტაო-კლარჯეთის ქართველობა ოსმალეთის საზღვრებში აღმოჩნდა XVI საუკუნეში, როდესაც ოსმალებმა მესხეთი დაიპყრეს. მესხების უდიდესი ნაწილი საუკუნეთა განმავლობაში იძულებული გახდა მაჰმადიანობა მიეღო. ამ კუთხეში სარწმუნოებასთან ერთად თურქული ენაც მტკიცედ იკიდებდა ფეხს. საუკუნეების განმავლობაში მესხეთის ბევრ კუთხეში დაიკარგა ქართული ენა და ქართველობის შეგრძნება. თუმცა ნაწილი მესხებისა ინარჩუნებდა მშობლიურ ენასა და ქართველობას.

XIX საუკუნეში გაძლიერებულმა რუსეთის იმპერიამ დაამარცხა ოსმალეთი და მესხეთის დიდი ნაწილი საქართველოს შემოუერთა. ამ პერიოდში მოხდა მუსლიმი ქართველების გადასახლება - „მუჰაჯირობა“ ოსმალეთში. ათიათასობით ქართველი რელიგიური მოსაზრებით აიყარა წინაპართა მიწა-წყლიდან, ოსმალეთის სხვადასხვა კუთხეში ჩასახლდა და ქართული დასახლებები შექმნა.

გურჯები, შეძლებისდაგვარად, ცდილობენ ძველი ადათ-წესებისა და ტრადიციების დაცვას. ისინი ზაფხულობით, ერთ დათქმულ დღეს, გადიან იალაღებზე და სახალხო დღესასწაულებს აწყობენ, სადაც ერთმანეთს ეპაექრებიან სიმღერაში, ცეკვაში, შაირობაში, ჭიდაობაში. ასეთი დღეობების ტრადიცია, ძირითადად, ართვინის ვიაილეთშია შემორჩენილი.

დღეს თურქეთის ნებისმიერ ქალაქში შეიძლება შეხვდეთ ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს. მათ კარგად იციან თავიანთი წარმომავლობა, ქართული გვარები, სიმღერები, გადმოცემები და ზღაპრები. აინტერესებთ თავიანთი სამშობლოს - საქართველოს დღევანდელი დღე და ფიქრობენ მის მომავალზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003