იაკობ ახუაშვილი

ქართული გვარები

ქართველები ერთ-ერთი უძველესი ხალხია მსოფლიოში, მისი ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი არავინ იცის. ასევე ძველთაგანვეა წარმოშობილი ქართული გვარები. საქართველოში ზოგიერთი უძველესი გვარი ადამიანთა გეოგრაფიულ-პოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით შეიქმნა. მაგალითად, კასპის რაიონში, დუშეთში არსებობს ყორანაანთ გორა. ეს სახელი იმას გვეუბნება, რომ იქ ყორანაშვილები ცხოვრობდნენ. ჩეკურაანთ გორა ჩეკურიშვილების საცხოვრებელ ადგილს მიგვანიშნებს და ა.შ.

პირველი გვარი VI საუკუნეში ჩანს. ესაა ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო და ივ. ჯავახიშვილის მიხედვით მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. სხვათაშორის, ეს არის პირველი გვარი, რომელიც უცხოურ წყაროებშიც მოიხსენიება VI საუკუნიდან. VII საუკუნეში გვარები რიცხობრივად იზრდება და ქართლის ცხოვრებაში მეშვიდე საუკუნის პირველ ნახევარში უკვე გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ქართლში ჩატარდა მოსახლეობის გვარობითი აღწერა და ეს მასალა გაიტანეს საბერძნეთშიც. VII საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება გვარები: გრძელისძე, დაფანჩული (სხვათა შორის, შემდგომში მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ დაფანჩულიდან მომდინარეობს გვარები ფანჩვიძე, ფანჯავიძე, ფანჩულიძე, ფანცულიძე). შემდეგ უკვე გვარები მატულობს. VI-VIII საუკუნეებში ძირითადად გვაქვს გვარები ადგილების, ტოპონიმების* მიხედვით. ლიქოკელი მიგვანიშნებს, რომ ესა თუ ის ადამიანი ლიქოკიდან არის. კეჩხობიდან რომ წამოვიდა კაცი და სხვაგან დასახლდა, გვარად კეცხოველი გახდა, ქსოვრისიდან წასული გახდა ქსოვრელი, სოფელ წერეთიდან წასული - წერეთელი და ა.შ. ანუ პირველი ქართული გვარები დაბოლოვებული იყო ელ-ი სუფიქსით, რაც სადაურობას აღნიშნავს.

X-XI საუკუნიდან წყაროებში მოხსენიებულია ეთ-ი სუფიქსით დაბოლოებული გვარები. მაგალითად, თამარაშვილები ადრე ყოფილან თამარეთი, ბაბუნაშვილები - ბაბუნეთი, დავითაშვილები - დავითეთი... არსებობს აგრეთვე სოციალური მდგომარეობის აღმნიშვნელ ფუძიანი გვარები. მაგალითად, შემდეგი გვარები: შათირიშვილი, ვეზირიშვილი, კანდელაკი, დიაკვნიშვილი, მღვდლიაშვილი, დურგლიშვილი, მგალობლიშვილი და სხვ. გვარებიცა და დასახელებული პუნქტებიც ეთ-ი სუფიქსით ბოლოვდებოდა: თელეთი, ოზურგეთი. ეს სუფიქსები დასახელებულ პუნქტებს შემორჩა, გვარებში კი მათი ადგილი დაიკავა დასავლეთ საქართველოში „ძე“, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში „შვილი“ სიტყვებმა. XIII საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში ჩნდება გვარები: ჯავახიშვილი, არსლანიშვილი. ძე ან შვილი მიგვანიშნებდა, თუ ვისი შვილი იყო, ვისი ძე იყო ესა თუ ის ადამიანი. ეს ტრადიცია განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში იყო გავრცელებული. სულხანას შვილი გახდა სულხანიშვილი, თევდორეს შვილი - თევდორაშვილი და ა.შ.

გვარების წარმოშობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა. ჩვენი მეზობელი რუსეთი რომ ავიღოთ, იქ გვარები მხოლოდ XVI საუკუნიდან იხსენიება, სხვა ქვეყნებში XI-XII საუკუნეებშიც არსებობდა.

რაც შეეხება სახელებს. ჩვენი სახელებიც უძველესი დროიდან მოდის. მაგალითად, ერთ-ერთი უძველესი სახელია მახარე, საიდანაც მოდის გვარები მახარაშვილი, მახარაძე. ქართველი კაცისათვის სახელს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ტრადიციულად, ქართველები ბავშვებს ბაბუის სახელს არქმევდნენ და ამით წინაპრების პატივისცემას გამოხატავდნენ. ქრისტიანობის გავრცელების შემდგომ საქართველოში დაიწყეს წმინდანთა სახელების დარქმევა. ასე შემოვიდა ქართულში სხვადასხვა წარმოშობის სახელები: ნინო, გიორგი, ირაკლი, თეკლე, დავითი, თამარი და სხვ. ამ ახლადშემოსული სახელებიდან შემდგომში ახალი გვარები გაჩნდა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოში დაახლოებით 25 ათასი გვარი იქნება და მათ შორის ნახევარზე მეტი საეკლესიო სახელებიდანაა წარმომდგარი: გიორგაძე, ანდრიაშვილი, ნიკოლოზიშვილი, თამარაშვილი, იოსებიძე, პეტრიაშვილი და ა.შ.

გვარიშვილობა დაკავშირებულია აგრეთვე ეროვნებასთან. ქართველი კაცი თავის გვარს, ჯიშსა და გენს წმინდად მიიჩნევს და მისი შეუბღალავად შენარჩუნებისათვის მრავალჯერ გაუწირავს თავი.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „დედაეკლესია“, №11(13), 2005

*ტოპონიმი - რომელიმე ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება