საიდან იწყება წელთაღრიცხვა

წლების გამოსაანგარიშებლად ირჩევენ წელთარღიცხვის დასაწყისს. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში წელთაღრიცხვის დასაწყისად სხვადასხვა წელს იყენებდნენ.

დაახლოებით 15 საუკუნის წინათ, რომში ცხოვრობდა სწავლული ბერი დიონისე მცირე. მის დროს წლებს ითვლიდნენ „ქალაქის დაარსებიდან“, იმ წლიდან, როდესაც ლეგენდის მიხედვით დაარსდა რომი. დიონისე მცირემ გადაწყვიტა, რომ ქრისტიანები არ უნდა საზღვრავდნენ დროს რომაული წელთაღრიცხვის მიხედვით. მან ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი შესთავაზა ხალხს. ქრისტე კი მისი გამოთვლით რომის დაარსებიდან 754 წელს დაიბადა. საეკლესიო წიგნების მიხედვით, ქრისტე დაიბადა იუდეაში იროდის მეფობის დროს. ამის შემდეგ ღვთისმშობელი ჩვილ იესოსთან და მართალ იოსებთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა, საიდანაც იროდის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდნენ. იუდეის მეფე იროდი ცნობილი პიროვნებაა და მისი მეფობის წლები იციან მეცნიერებმა.

ამრიგად, ქრისტეს დაბადების თარიღი ჩვენი წელთაღრიცხვის საწყისადაა მიჩნეული.

არაბებმა თავიანთი წელთაღრიცხვის თარიღად აირჩიეს წელიწადი, როდესაც მუსულმანური რელიგიის ფუძემდებელი, მტრებისაგან დევნილი მუჰამედი, ფარულად გაიქცა მექადან მედინაში, სადაც ზეიმით შეხვდნენ მისი მიმდევრები.

წლის დადგენა გაცილებით რთულია და ხანდახან შეუძლებელიც, როცა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა ქრონიკასა თუ სიგელში დათარიღებულია ინდიქტიონით.

დროის ინდიქტიონით აღნიშვნა რომის იმპერიაში შემოიღეს. აქ ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ატარებდნენ მოსახლეობის აღწერას და თხუთმეტწლიან პერიოდს (ერთი აღწერიდან მეორემდე) ინდიქტიონს უწოდებდნენ. მაგრამ სიტყვა „ინდიქტიონმა“ სხვა მნიშვნელობაც შეიძინა: თხუთმეწლიანი ინდიქტიონის ყოველ წელსაც ინდიქტიონი ერქვა. ამ პერიოდის პირველი წელი პირველი ინდიქტიონი იყო, მეორე წელი - მეორე ინდიქტიონი და ა.შ.

თარიღის განსაზღვრაში ძალიან გვეხმარება საეკლესიო დღესასწაულების მოხსენიება, რომელთაგან ზოგიერთი ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს აღინიშნება: ქრისტეშობა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა, წმინდა გიორგის დღესასწაული...

საეკლესიო დღესასწაული - აღდგომა - ყოველ წელიწადს 22 მარტიდან 25 აპრილამდე (ძვ. სტ.) სხვადასხვა დღეზე მოდის. კალენდარშიც ამის მიხედვით გადაინაცვლებდა ხოლმე მრავალი რელიგიური დღესასწაული - დიდმარხვა, სამებობა და სხვ.

რატომ არის აღდგომა მოძრავი დღესასწაული? აღდგომა აღინიშნება მთვარის კალენდრის მიხედვით - გაზაფხულზე, მთვარის ავსების პირველ კვირას. მთვარის წელიწადი არ ემთხვევა მზის წელიწადს. გაზაფხულის მთვარის ავსების დღე მზის წელიწადის სხვადასხვა დღეზე მოდის. სწორედ ამის მიხედვით მოძრაობს აღდგომის დღესასწაული.

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შეადგინეს ცხრილები, სადაც აღნიშნული იყო, თუ რომელ წელიწადს როდის უნდა ყოფილიყო აღდგომა.

გამოყენებული ლიტერატურა:
მედეა წოწელია, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№74, 2004