ინდიქტიონი

საეკლესიო კალენდარს და, საზოგადოდ, კალენდარს, რომელსაც ვიყენებთ, ქრისტიანული ეკლესია რომის იმპერიას დაესესხა, წარმართული მნიშნველობა გამოაცალა, შთაბერა ქრისტიანული სული და წმინდა გახადა. თვით ტერმინი „ახალი წელიც“ რომს უკავშირდება. ამის შესახებ მოგვითხრობს საღვთისმსახურო წიგნი „ჟამნი“: „ინდიქტიონი ანუ ახალი წელი რომის კეისრისგან ამ მიზეზით დაწესდა: როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ“. მოხარკენი გადასახადს რომ გადაიხდიდნენ, სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა. მას აქეთ ახალი წელი სიხარულს, ზეიმს უკავშირდება. პირველ ხუთ წელიწადს ხარკს სპილენძითა და რკინით იხდიდნენ, მეორე ხუთეულში - ვერცხლით, მესამე ხუთეულში კი ოქროთი. ამის შემდეგ ისევ თავიდან იწყებდნენ.

ასეთი წელთაღრიცხვა იესო ქრისტეს დროსაც იყო ცნობილი - რაკი იუდეა რომის პროვინცია გალხდათ, ხარკს აქაც მთელ იმპერიაში გავრცელებული წელთაღრიცხვით იხდიდნენ.

ქრისტიანულმა ეკლესიამ, რაკი რომაული კალენდარი შეითვისა, ახალ წლად ანუ ინდიქტიონად პირველი სექტემბერი მიიღო, მაგრამ მთავარი მიზეზი სექტემბრის პირველი რიცხვის საეკლესიო ინდიქტიონად განწესებისა ის უფროა, რომ ამ დროს მეუფე ჩვენი იესო ქრისტე ნაზარეთში იუდეველთა შესაკრებელში შევიდა, წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: „ვითარმედ წელიწადი უფლისა შეწყნარებული“, - და იქ მყოფთ საკუთარი თავი, როგორც მესია, წარმოუჩინა: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე“ (ლუკ. 4:18-19). გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს საშუალება მიეცათ, თავისუფლად ეღიარებინათ თავიანთი სარწმუნოება. ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი დროიდან ბერძნულ ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება. სექტემბერი ლათინური სიტყვაა და მეშვიდეს ნიშნავს. რომაელებისთვის ეს იყო წელიწადის მეშვიდე თვე (მარტიდან). ძველ საქართველოში სექტემბერი ახალწლისად იწოდებოდა, იმის გამო, რომ ჩვენში ახალი წელი სწორედ 1 სექტემბრიდან იწყებოდა. შემდგომში მან ენკენისთვის (ბერძნულად ენკენია ნიშნავს განახლებას) სახელწოდება მიიღო. შემდეგ თანდათან დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და იდღესასწაულება 1 სექტემბერს (ძველი სტილით, ახალი სტილით ესაა 14 სექტემბერი). ამ დღეს ეკლესიებში აღევლინება საგანგებო ლოცვა, რომელშიც წმიდა ეკლესია უფალს შესთხოვს, „აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა“.

თავდაპირველად ასეთი წელთაღრიცხვა ეგვიპტეში ჩამოყალიბდა, ხოლო ბიზანტიის იმერიაში შემდგომში გავრცელდა. სხვადასხვა ქვეყნებში ინდიქტიონის დაწყებას სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. ქრისტიანულ ქვეყნებში, ზემოთთქმული მიზეზების გამო, ინდიქტიონი 1 სექტემბრიდან იწყებოდა. ბერძნულად „ინდიქტიონი“ ნიშნავს განცხადებას, გამოცხადებას და იგი აღნიშნავს წელთაღრიცხვის 15 წლიან ციკლში წლის რიგით ნომერს.

ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ სამი და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი. ქართულ წყაროებში ინდიქტიონით აღინიშნებოდა ასევე მეფეთა ტახტზე ასვლიდან პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. წლები. ინდიქტიონით წლების აღრიცხვა მეთვრამეტე საუკუნეში შეწყდა, მაგრამ ის შემორჩენილია ეკლესიებში.

გამოყენებული ლიტერატურა:
ჟურნალი „კარიბჭე“, № 8, სექტემბერი, 2004 წ.
„წმინდანთა ცხოვრებანი“, ტ.II