კოლხეთის აკადემია

აკადემია ჰქვია ზოგიერთ სპციალურ უმაღლეს სასწავლებელს, ასევე უმაღლეს სამეცნიერო დაწესებულებას თუ ორგანიზაციას. საიდან მომდინარეობს ასეთი სახელწოდება?

აკადემეს ერქვა ბერძენ მითიურ გმირს, ხოლო მისი სახელი - ქალაქ ათენის გარეუბნის ერთ ჭალას. სწორედ ამ ჭალაში ფილოსოფოსი პლატონი (ძვ.წ. 428-348წწ.) ლექციებს უკითხავდა თავის მოწაფეებს. მის მიერ ამ ადგილას დაარსებულ სკოლას, ადგილის დასახელების მიხედვით, აკადემია შეარქვეს. შემდგომში სიტყვა „აკადემია“ უმაღლესი სასწავლებლების აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.

აკადემიები სხვადასხვა ქვეყნებში არსებობდა. მათ შორის, ერთ-ერთი უძველესთაგანია კოლხეთის აკადემია. იგი საქართველოში, ქალაქ ფაზისის (დღევანდელი ფოთის) მახლობლად არსებობდა ახ.წ. III-VI საუკუნეებში. სამწუხაროდ, ცნობები, რომ ჩვენში მანამდეც არსებობდა უმაღლესი სასწავლებლები, ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება, თუმცა შეუძლებელია, ერს, რომელმაც ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე შექმნა საკუთარი დამწერლობა, არ ჰქონოდა საგანმანათლებლო კერები.

კოლხეთის აკადემიის შესახებ ცნობები შემოგვინახეს ბერძენმა ფილოსოფოსებმა: ლიბანიოსმა (314-393წწ.), თემისტიოსმა (317-388წწ.), პროკოპი კესარიელმა (507-562წწ.), აგათია სქოლასტიკოსმა (536-582წწ.) და სხვებმა. კოლხეთის აკადემიაში სწავლობდნენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები. აღსანიშნავია, რომ ბერძნები, რომელთაც საკუთარი აკადემიები ჰქონდათ, უპირატესობას მაინც ქართულ აკადემიაში სწავლას ანიჭებდნენ. ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი თემისტიოსი წერს, რომ მამამისს ევგენიოსს, ასევე ცნობილ ფილოსოფოსსა და რიტორს*, კოლხეთის აკადემიაში უსწავლია და შვილისთვისაც ურჩევია იქ სწავლა. მამის რჩევა თემისტიოსს შეუსმენია და განათლება საქართველოში მიუღია. იგი კოლხეთის აკადემიის დამაარსებელს „ბრძენს“ და „სათნოს“ უწოდებს. კოლხეთს კულტურულად დაწინაურებულ ელადას ადარებს. იმ დროს განსწავლა ათენშიც შეიძლებოდა, მაგრამ სპეციალური რიტორიკული* სკოლა მხოლოდ კოლხეთში არსებობდა. ამ სასწავლებელში განუყოფელი იყო ფილოსოფია და მჭევრმეტყველება.

კოლხეთის აკადემიაში იწრთობოდნენ ტანვარჯიშში, მჭევრმეტყველებაში, სწავლობდნენ ფილოსოფიას, სამართალს, მითოლოგიას, ისტორიის საფუძვლებს, პოეზიას, ლოგიკას, მეტაფიზიკას, ფიზიკას, მათემატიკას, ეთიკას, პოლიტიკას... იმართებოდა საჯარო შეჯიბრებები სამართლისა და პოლიტიკის საკითხების ცოდნაში. ბერშნულ წყაროებში აღნიშნულია, რომ ასეთ პაექრობებში ხშირად იმარჯვებდნენ ქართველები.

კოლხეთის აკადემიამ უცხოელთა გარდა ბევრი ქართველი ფილოსოფოსი აღზარდა. აქ უსწავლია მსოფლიო მნიშვნელობის ქართველ ფილოსოფოსს, მწერალსა და მოაზროვნეს მითრიდატე ლაზს (ბერად აღკვეცის შემდეგ იგი იოანე ლაზი გახდა). იოანე ლაზი იყო მსოფლიოში სახელგანთქმული მოღვაწის პეტრე იბერის (Vს.) აღმზრდელი და მასწავლებელი. ეს სწორედ ის პეტრე იბერია, რომელმაც მე-5 საუკუნეში სირიაში ქართული მონასტერი დააარსა და იქ ქართული სკოლის, უმაღლესი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი იყო თავის მასწავლებელთან - იოანე ლაზთან ერთად. იგი იყო ასევე მსოფლიო მნიშვნელობის ფილოსოფიური მოძღვრების - არეოპაგიტის - ფუძემდებელი.

კოლხეთის აკადემიაში უსწავლიათ ცნობილ ქართველ ორატორებს - აეტს და ფარტაზს. ცნობილია ამ ორი მოღვაწის საჯარო პაექრობა გუბაზ მეფის მკვლელობასთან და საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რაც აგათია სქოლასტიკოსს ჩაუწერია.

კოლხეთის აკადემიაში უმოღვაწია იბერიის სამეფო გვარის წარმომადგენელს ბაკურს. ფილოსოფოს ლიბანიოსის ცნობით, იგი იყო ღირსეული რწმენით, სათნოებით, სიკეთითა და სულიერებით. მისთვის უცხო იყო ბოროტება, გახლდათ სამართლიანი და ზომიერების მოყვარული.

ბაკურის ნაწერები ქართულად არ შემორჩენილა, მაგრამ არსებობს ლიბანიოსის მისდამი გამოგზავნილი წერილი, საიდანაც ჩანს, რომ ბაკურს კოლხეთის აკადემიაში უმოღვაწნია და რიტორიკისა და საორატორო ხელოვნების დიდი მცოდნე და შემფასებელი ყოფილა.

გამოყენებული ლიტერატურა:
გუგული ტოგონიძე
გაზეთი „ციცინათელა“
№18, 1997

*რიტორიკა - მჭევრმეტყველება
*რიტორი /ორატორი - მჭევრმეტყველი ადამიანი