ლაშარის ჯვარი

ფშავი, ლაშარის ჯვარი

ლაშარის ჯვარი ფშავის მთის სალოცავია, რომლის დღეობა იმართება ივლისში. ლაშარის ჯვრის სასაბრძანისი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა ნაწილში ხმელგორზე. ფშავის საყმოთა რიცხვის კვალობაზე აქ თორმეტი ჯვარი ყოფილა გამართული, სადაც სადღესასწაულო სუფრებს აწყობდნენ. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მას შესთხოვდნენ მოლაშქრეთა შეწევნას, ნახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისაგან დაცვას. ლაშარის ჯვრის თაყვანისცემა, გარდა ფშავისა, გავრცელებული იყო თუშეთში, ხევსურეთში, მოსაზღვრე ბარის რაიონებში, მეზობელ ჩრდილოკავკასიელ მთიელებში. ლაშარის ჯვარს მრავალ შესაწირს სწირავდნენ, მათ შორის, საქართველოს მეფენიც, მისთვის იყო შეწირული ადგილ-მამულები, ზვრები კახეთში.

ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ლაშარის ჯვარი ლაშა-გიორგის დაუარსებია თავისი მოსახელის, წმიდა გიორგის პატივად. აქ, ხმელგორზე, ოქროს ჯვარი შეუწირავს და ამ ჯვარზე აღმოცემებულა სალოცავი. ლაშა-გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც.