ივანე ჯავახიშვილი

მადანთა ქართული სახელები სხვა ენებში

შედარებითი ენათმეცნიერება ამტკიცებს, რომ მადნების სახელები სხვა ერებს ქართველი ტომებისაგან შეუთვისებიათ. თვით ცნობილი ენათმეცნიერი ო. შრადერი ამ გარემოებას ყურადღებას აქცევს. ევროპული ბრინჯაოს სახელი „ბრონზე“ წარმომდგარია სპარსული „ბრინჯ“-ისაგან, ხოლო სპარსულში ეს სიტყვა შეთვისებულია ქართული ენა-კილოკავების საზოგადო სახელისაგან: სპილენძი, სვანურად „სპილენძ“, მეგრულად „ლინჯ“, სომხ. პღინძ, რაც უდრის „სპილენძ“-ს, სპირ ენძს, და სპერის ანუ ისპირის* მადანსა ნიშნავს**.

ბერძნების მწერლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ საუკეთესო სპილენძის ნივთები სწორედ ამ ქვეყნიდან მოჰქონდათ. თვით ელადაში ხომ სპილენძი ცოტა იყო და უფრო აზიიდან შეტანილი მადნით მიდიოდნენ იოლად.

თითბრის სახელები კი ზოგიერთ ევროპულ ენაში - მაგალითად, გერმანულად messinc, ანგლოსაქსურად mastling, ძველნორმანულად messing, პოლონურად mosiandz, მოსსჳნე ანუ მოსსინიკის ტომის სახელისაგან არის წარმომდგარი. სწორედ ეს მოსსინიკები იყვნენ თითბრის ხელობაში განთქმულნი. ამ მადნის მეორე სახელიც „თითბერი“ ნამდვილი ქართულია და ნიშნავს „თუთფერი“, ე.ი. მთვარის (მეგრულად თუთა, ქართულად თთუჱ) ფერის მადანს.

რკინის, განსაკუთრებით ფოლადის მომზადებაც ბერძნებს, როგორც ეტყობა, პირველად ქართველი ტომებისაგან შეუსწავლიათ. ეს ფოლადის ბერძნული სახელწოდებიდანაც ჩანს: „ხალჳფს, ხალჳბდიკოს“ ხალიბების ტომის სახელწოდებიდან არის წაწრმომდგარი და ხალიბურსა ნიშნავს. მართლაც, ხალიბების გაკეთებული რკინის ნივთები ძალიან განთქმული იყო.

ერთი სიტყვით, უმთავრესი და კაცობრიობის წარმატებისათვის აუცილებლად საჭირო მადნების სახელები ან ქართველი ტომებისაგან არის შეთვისებული, ან არა და მათი სატომო სახელწოდებისაგან არის წარმომდგარი. ამით ცხადად მტკიცდება, რომ ქართველ ტომებს მადნეულის შემუშავებაში კაცობრიობის წინაშე საპატიო ღვაწლი მიუძღვით.

გამოყენებული წყარო:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
¹42, 2000

* სპერი ანუ ისპირი - მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსი, ქართლის სამეფო პროვინცია მდ. ჭოროხის ზემო დინების აუზში, ახლანდელი თურქეთის პროვინცია ისპირი.

** ეს ახსნა ეკუთვნის პროფ. პ. მარრს (შენიშვნა ავტორისა)