საახალწლო ტრადიციები საქართველოში

ყველა ქვეყანაში ახალ წელს განსხვავებულად ხვდებიან. ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხვდებოდნენ ახალწელიწადს ჩვენში?

ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით, სამეფო კარზე ახალ წელს, ცისკრის ლოცვის დაწყებამდე, მეფესთან მეკვლედ მიდიოდა ჭყონდიდელი, მიუბრძანებდა ჯვარსა და ხატს და მეფესა და დედოფალს სამეფო სამკაულსა და შაქარს მიუტანდა. წირვის შემდეგ კი მეფეს ეახლებოდნენ ერისთავნი და ვაზირნი თავ-თავიანთი ძღვენით. მეფეს მრავალჟამიერ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებდნენ, რის შემდეგაც სასახლეში დიდი ნადიმი იმართებოდა.

სამეფო სასახლის მახლობლად იმ დღეს მოიტყუებდნენ ნადირს: მელიებს, ტურებს, მგლებს და დაამწყვდევდნენ. მეორე დღეს გამოუშვებდნენ დამწყვდეულ ცხოველებს და მეფე და დიდებულნი იწყებდნენ მათზე ნადირობას, რის შემდეგაც გამხიარულებულნი ბრუნდებოდნენ შინ.

ასეთი იყო სამეფო კარის საახალწლო ზეიმი. მაგრამ როგორ ხვდებოდა ამ დღესასწაულს ხალხი?

ქართლში ახალი წლის წინა დღეს იწყებდნენ პურის ცხობას. რამდენი კაციც იყო ოჯახში, იმდენ ჩამიჩიან პურს დააკრავდნენ. ახალ წელიწადს ყველა თავის პურს გატეხავდა. ყველა პურს თავისი ნიშანი ჰქონდა: ზოგს ორი ჩამიჩი, ზოგს სამი, ზოგს ოთხი. ბედის პურებს კიდობანში ჩააწყობდნენ. წვრილებს ხახალაზე დააწყობდნენ. ამ ხახალაზე დადებდნენ ცივად მოხარშულ დედალს და ღორის თავს, ჩამიჩს, ჩურჩხელას, ვაშლებს, ერთ თეფშ გოზინაყს, საღვინით ღვინოს მიუდგამდნენ და ჩარექით არაყს. განთიადისას სახლის უფროსი გადიოდა გარეთ და სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემოსული სახლობას ახალ წელს მიულოცავდა. შემდეგ ჩამოივლიდა პურჩაყრილი ჯამით და თითო ლუკმას ჩაუდებდა ყველას პირში ამ სიტყვებით: „დაესწარით მრავალ ახალ წელიწადს! როგორც პურისა და ღვინის სახელი არ დაილევა, ისე თქვენი სახელი არ დაილიოს!“ გარეთ რომ გავიდოდნენ, შემოსვლისას თითო ღერ შეშას შემოიტანდნენ, ნაკვერჩხლებს გაწი-გამოწევდნენ და ნაპერწკლების დაყრისას იტყოდნენ: ამდენი ქათამი, ამდენი ბატი, ამდენი ინდაური გამეზარდოსო. ასეთივე ტრადიციები იცოდნენ კახეთშიც.

საინგილოში შუა ღამისას დიასახლისი იწყებდა ძაფის რთვას. საქმეს რომ მორჩებოდა, ის და ოჯახის უფროსი მივიდოდნენ მძინარე შვილებთან და მაჯებზე ძაფებს შემოახვევდნენ. ძაფს ახვევდნენ დედაბოძსაც, თუნგს და სხვა ჭურჭელს. ეს ძაფი მოგვაგონებს რგოლს, რომელიც ძველთაგანვე ცნობილია, როგორც სიმბოლო ღვთის დაუსაბამობისა და ერთარსობისა. განთიადისას მოდიოდა მეკვლე. მის კაკუნზე შიგნიდან გასძახებდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც მეკვლე პასუხობდა: წყალი, წყალობაო. გაუღებდნენ კარს, შემოვიდოდა მეკვლე (მეკვლე ოჯახის უფროსი იყო ხოლმე). შემოუსხდებოდნენ სუფრას. სახლის უფალი ჭერიდან ჩამოიღებდა კაკლის ტოტებს, ყველას თითო-თითო ტოტს ჩამოურიგებდა, ერთს თვითონ დაიტოვებდა და იმით კერას შემოუტყლაშუნებდა. დაამზადებდნენ ხონჩას, რომელზეც აწყობდნენ პურებს, ნაზუქებს, ჯამით დებდნენ თაფლს, ერბოს, არიწით კი ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და ყველანი ერთად გასწევდნენ ვენახისაკენ. მივიდოდნენ კარგი მოსავლის მომცემ ერთ ვაზის ძირთან, რომელსაც ოჯახის უფროსი ჯერ გასხლავდა, მერე ააგებდა, ჭიგოების ჩასმის დროს მიწას ღვინით მოალბობდა. შემდეგ ვაზის ძირში დაკლავდა წითელ მამალს და მის ფრთებს ძაფით ვაზზე მიაკრავდა, თან იტყოდა: „ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა“.

ძველი ხევსურული ჩვეულებით მეკვლეეები ახალწლის ღამეს ხატში თეთრად ათენებდნენ. გათენებულზე კი სამეკვლო ოჯახებში წასასვლელად ემზადებოდნენ. ვახშამად ჰქონდათ ხინკალი ან კეცეული. საახალწლოდ იმდენ პურს აცხობდნენ, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. დიასახლისი მიცვალებულისათვის „დასდებდა სახელს“, იტყოდა შენდობას, დადგამდა ტაბლას, დაჭრიდა კეცეულებს, ჯამებით ჩადგამდა ერბოს, ტაბლას მთელი ოჯახი შემოუსხდებოდა და იწყებოდა ლხინი.

ფშავში ახალ წელს ახალი სამოსით ეგებებოდნენ, ოჯახის დასუფთავებას ადრიანად იწყებდნენ, რომ უსუფთაობა არ დაკვებებოდათ. წინა დღეს აცხობდნენ „ბედისკვერას“. ამზადებდნენ ქადებს, თაფლს, ერბოში არეულს, თხილს, კაკალსა და სხვა ხილეულს, ხინკალსა და მწვადებს. მეკვლედ ირჩევდნენ კეთილ და ხალხისათვის სასარგებლო ადამიანს. დახვდებოდნენ კარების ზღურბლთან და მისცემდნენ ხელში „ბედისკვერას“, რომელსაც მეკვლე სახლში სამჯერ შეაგორებდა. თუ პირქვე დაეცემოდა, კარგის ნიშნად მიიჩნევდნენ, ხოლო თუ გულაღმა - ავის ნიშნად. ამის შემდეგ მეკვლე სახლში შედიოდა და ილოცებოდა შემდეგი სიტყვებით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა, შეგეწიოთ ჩვენი ანგელოზები, გიცავდეთ და გფარავდეთ, დაესწარით მრავალ ახალწელს მშვიდობით და სიხარულით“. ამოიღებდა ჯიბიდან შაქრის ნატეხს ან ვაშლის ნაჭრებს და ოჯახის წევრებს ჩამოურიგებდა, თან ეტყოდა: „ასე ტკვილად დამიბერდითო“. მეკვლის მისვლამდე ერთმანეთთან არავინ მიდიოდა. შემდეგ მიიწვევდნენ ხევის ბერს ან მის თანაშემწეს და დაკლავდნენ „სამღთოს“ (ცხვარს ან ხარს). მიიწვევდნენ მეზობლებსაც, მოხარშავდნენ ხინკალს, ხორცს და შეწვავდნენ მწვადებს.

თუშეთში ერთი გვარის ხალხი იკრიბებოდა და პურით, ლუდითა და არყით მართავდნენ ლხინს.

მესხეთ-ჯავახეთში ახალი წლის წინა დღეს დიდ ფაცი-ფუცში იყვნენ. ამ დღეს თითოეული ოჯახის უფროსი თავს ვალდებულად თვლიდა მეზობლებში გაცემული ნივთები სახლში დაებრუნებინა, რათა ბარაქა სხვის ოჯახში არ დარჩენილიყო. მეკვლე ყველას თავისი ჰყავდა. ის შესაფერისი ტაბლით მიდიოდა ოჯახში და ულოცავდა ახალ წელს. მეკვლის მისვლამდე ერთმანეთის სახლებში არ მიდიოდნენ.

იმერეთში ახალი წლის დღესასწაულისათვის საგანგებოდ მზადდეობდა საახალწლო ჩიჩილაკი და ხონჩა. ჩიჩილაკს სუროს ფოთლებით, ტკბილეულით, ხილითა და ვერცხლის ფულებით რთავდნენ, ხონჩაზე კი უამრავი ნუგბარი ხილი ეწყო. ოჯახის უფროსი დატვირთული ხონჩით მიადგებოდა ჭიშკარს და ახალი წლის დადგომას ახარებდა შინაურებს. - რა მოგაქვს? - გამოსძახებდნენ შინიდან. - სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიკეთე, სიუხვე და სიტკბო, - პასუხობდა იგი. სახლში შესული კი ხილსა და ტკბილეულს ოჯახის წევრებს ურიგებდა. ახალი წლის ღამეს თავქვეშ ამოიდებდნენ შაქრის ნატეხს, რომელიც მამლის ყივილამდე უნდა ეჭამათ.

რაჭის დაბა-სოფლებში დიასახლისები აცხობდნენ ბასილას, ხაჭაპურებს, ქადებს. დილით, ვინც ადრე გაიღვიძებდა, გაიტანდა ბასილას გარეთ, მივიდოდა მარხილთან, მოწყვეტდა თხილის კოკორს, დაადებდა ბასილას და ისევ შებრუნდებოდა სახლში ამ სიტყვებით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, მოვიდა ახალი წელიწადი შეძენისა, მომგობისა, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, მრავალ ამ დღეს დაესწარით ცოლით, შვილით“. ბასილას მაგიდაზე დადებდა, დიასახლისები კი ქმარ-შვილს ჩურჩხელებს ჩამოურიგებდნენ და ულოცავდნენ. დილას წირვაზე მიდიოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ და მხიარულობდნენ.

გურიაში გააკეთებდნენ ჩიჩილაკს, გამოიტანდნენ გარეთ, თან მიჰქონდათ ღვინო და ღომი. მივიდოდნენ კარებთან, მამაკაცი დაიძახებდა: „კარი გამიღე!“ სახლიდან გამოსძახებდნენ: „რა მოგაქვს?“ მამაკაცი პასუხობდა: „მობრძანდება წმინდა ბასილი (წმინდა ბასილი დიდის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია სწორედ ახალ წელს 1 იანვარს, ახალი სტილით 14 იანვარს აღნიშნავს), მას მოაქვს ღვთისა და ბატონის მოწყალება, კაცთა მშვიდობა, ოქრო და ვერცხლი, თვალი და მარგალიტი, პური და ღვინო“. სამგზის დალოცვის შემდეგ შედიოდა სახლში და იწყებდა ლოცვას, შემოატარებდა ჩიჩილაკს სახლში სამჯერ და ერთ კუთხეში ჩამოკიდებდა.

სამეგრელოში ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება“ და სხვა ამგვარს. ამ დალოცვას გაიმეორებდა სამჯერ და შევიდოდა სახლში. მიულოცავდა ოჯახის წევრებს ახალ წელს. შემდეგ ჩიჩილაკს შემოატარებდა ბოსელში, მარანში, სასიმინდეში. მერე სადილობამდე დადიოდნენ მეზობლებთან და ერთმანეთს ახალი წლის დადგომას ულოცავდნენ კანფეტებით, შაქარყინულითა და სხვა ტკბილეულით.

აფხაზეთში ახალი წლის წინა დღეს ამზადებდნენ საჭმელსა და სასმელს. დაკლავდნენ ძროხას ან თხას და იმდენ მამალს, რამდენი მამრობითი სქესის სულიც იყო ოჯახში. ახალწელიწადს ერთმანეთს სტუმრობდნენ და ულოცავდნენ დღესასწაულს.

სვანეთში ახალი წლის წინა ღამეს აცხობდნენ ბევრ ყველიან პურს, რომელთაგან ერთი იყო დიდი და შუაში ჯვარი ჰქონდა გამოსახული. გიდელაში ჩააწყობდნენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და კარებთან ჰკიდებდნენ, რომ მაკვლიელს მზად დახვედროდა. როგორც კი ირიჟრაჟებდა, ოჯახის უფროსი ადგებოდა, ცეცხლს დაანთებდა, გააღვიძებდა დიასახლისს, დიასახლისი კი შვილს. მერე მამაკაცი ახსნიდა ხარს, მოაბამდა რქებში ბაწარს და გაუძღვებოდა წინ. ბავშვი ხარს მისდევდა, დედას გიდელი ეკიდა ზურგზე. სანამ სახლში არ დაბრუნდებოდნენ, ერთმანეთს არ უნდა დალაპარაკებოდნენ. მივიდოდნენ წყაროსთან, ხარს წყალს დაალევინებდნენ. ოჯახის მეკვლეებს მდინარიდან წყალი მოჰქონდათ. ამის შემდეგ მიდიოდნენ კალოზე, დადგამდნენ თოვლის ზვინს, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ. როცა მეკვლე მოვიდოდა, დაიძახებდა, კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვსო, შევიდოდა სახლში, სამჯერ შემოუვლიდა, სამჯერ დაილოცებოდა, აიღებდა დიდ ჯვრიან ბედის პურს, დააწყობდა მასზე ყველა, ხორცს, თაფლს, პურსა და ვერცხლს, ჩამოუვლიდა და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ მიულოცავდა ახალი წლის დადგომას.