დედოფალადან თოჯინების თეატრამდე

სათამაშოებს უძველესი დროიდან აკეთებდნენ მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრები. მაგალითად, ეგვიპტეში აღმოჩნდა უძველესი ხისა და ნაჭრის დედოფალები და ცხოველთა ფიგურები, ჩინეთში - თიხისაგან გამოძერწილი სათამაშო სახლები, მრავალნაირი ჭურჭელი, რომსა და საბერძნეთში - სპილოს ძვლისა და ქარვის თოჯინები და ცხოველთა ფიგურები.

საქართველშიც უხსოვარი დროიდან აკეთებდნენ სათამაშოებს. საგვარჯალეში (თერჯოლა), ნაცარგორაზე (ცხინვალი), „ამირანის გორაზე“ (ახალციხე), ყაზბეგში და სხვაგან ნაპოვნია თიხისაგან გამოძერწილი ქალის ქანდაკებები, ბრინჯაოს ფიგურები, რკინის კაცუნები და სხვა უამრავი სათამაშო.

ქართული სათამაშოებიდან ყველაზე პოპულარულია დედოფალა. ქართულ დედოფალებს სხვადასხვა სახელები აქვთ: „დედოფალა“, „ტიკინა“, „გუგა“, „თოჯინა“ („თოჯა-გოგო“, „თოჯა-ბიჭი“) და სხვ.

დედოფალას ტანის გასაკეთებლად ხმარობდნენ ჯოხს, ჩხირს, ქსოვილს, თიხას, მცენარეებს. თმებისთვის კი მატყლს, ბამბას, ძაფებს ან სიმინდის ფოჩს იყენებდნენ.

ადრე დედოფალებს ჯადოსნურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათ რელიიგური წეს-ჩვეულებების შესრულების დროსაც იყენებდნენ. მაგ., მთიანეთში, ხევის ერთ-ერთ სოფელში იდგა ორი მეტრი სიმაღლის, თეთრი კაბით შემოსილი ქალის ქანდაკება, რომელსაც „ქალების ხატი“ ეწოდებოდა. მლოცველები მასთან უამრავი სათხოვარით მიდიოდნენ და შესაწირად დედოფალა მიჰყავდათ.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში სწამდათ, რომ დედოფალას გვალვის დროს წვიმის მოყვანა შეეძლო, წვიმიან ამინდში კი მასვე სთხოვდნენ წვიმის შეწყვეტას. არსებობდა ბოსტნის დედოფალებიც, რომელთაც ბოსტანში დგამდნენ და დიასახლისები მათ ნათესების პატრონობას სთხოვდნენ.

ქართლში აკეთებდნენ „სურდოს დედოფალას“, როცა ოჯახში ვინმეს სურდო შეეყრებოდა. ასეთ დედოფალას სხვა დაავადებების დროსაც აკეთებდნენ და მალე გამოჯანმრთელებას შესთხოვენ.

შემდგომში დედოფალამ დაკარგა ჯადოსნური მნიშვნელობა და ჩვეულებრივ სათამაშოდ იქცა. სათამაშო დედოფალებიდან გამოირჩეოდა მოძრავი დედოფალები. სწორედ ისინი დაედო საფუძვლად თოჯინების თეატრს, რომელიც საქართველოში უხსოვარი დროიდან არსებობდა. აქ თოჯინების საშუალებით დგამდნენ სხვადასხვა სცენებს, წარმოდგენებს. ცნობილია, რომ 626 წელს თბილისში გაიმართა თოჯინების წარმოდგენა, მასში დასცინოდნენ მტრის ლაშქარს, რომელსაც კუდით ქვა ასროლინეს და თბილისიდან გააძევეს.

თავდაპირველად თოჯინების თეატრს თეჯირი (კედლები კულისებითურთ) არ ჰქონდა. მაყურებელი ხედავდა, როგორ ამოძრავებდნენ თოჯინებს ძაფებისა და თითების დახმარებით. ზოგჯერ წარმოდგენაში მაყურებელიც მონაწილეობდა. დროთა განმავლობაში შეიცვალა თოჯინების წარმოდგენების სიუჟეტები, გამდიდრდა რეპერტუარი*.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, VII საუკუნისათვის საქართველოში უკვე ჩამოყალიბებული იყო თანამედროვე სახის თოჯინების თეატრის წინამორბედი.

გამოყენებული ლიტერატურა:
ნინო ღოღობერიძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№20 (1997წ.)

*რეპერტუარი - თეატრში დადგმულ ნაწარმოებთა ერთობლიობა