წელიწადის თვენი

იანვარი

იანვარი კალენდარული წლის პირველი თვეა. ასე დაერქვა რომაელთა ორსახიანი ღვთაების იანუსის მიხედვით. რომაულ მითოლოგიაში იანუსი დროის, კარის, კარიბჭის, ყოველივე დასაწყისისა და დასასრულის, ყველა საქმის წამოწყების ღვთაებაა. თავდაპირველად ცისა და მზის, წელიწადის, დროის, თვისა და დღის ღვთაებად მიიჩნევდნენ.

იანუსის სახელობის თვის დასაწყისს უძველესი დროიდან ზეიმობდნენ (ჩვენს დროში ეს ზეიმი ახალი წლის დღესასწაულმა შეცვალა). ამ დღეს იანუსს თეთრ ხარს სწირავდნენ. იანუსს გამოხატავდნენ, როგორც ორსახიან მამაკაცს, რომელსაც ერთი სახე წარსულისაკენ აქვს მიპყრობილი, მეორე - მომავლისაკენ. ძველ გამოსახულებებში იანუსის ორივე სახე წვერითაა დაფარული. შემდეგდროიმდელ გამოსახულებებში კი ერთი სახე ყმაწვილისაა, მეორე - მოხუცისა.

საქართველოში წლის დასაწყისად 1 იანვარი X საუკუნიდან შემოიღეს. ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით ამ თვეს აპანი, აპნისი ერქვა.

თებერვალი

თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს - ფებრუებს - და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).

ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით თებერვალს ერქვა სარწყუნისი. ხალხი მას განცხადებისთვესაც ეძახდა.

მარტი

მარტი კალენდარული წლის მესამე თვეა. სახელი ეწოდა რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად. მარსის მთავარი ატრიბუტი იყო ციდან ჩამოვარდნილი ფარი. მარსისადმი მიძღვნილი დღესასწაულების დროს ქურუმებს ფარი ზეიმით გამოჰქონდათ ხოლმე ქალაქში და იმ თვეს, როცა დღესასწაულები იმართებოდა, მარსი (მარტი) უწოდეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მირკანი (მიჰრაკანი) ერქვა.

აპრილი

აპრილი კალენდარული თვის მეოთხე თვეა. სახელწოდებას საფუძვლად უდევს სიტყვა აპერირე, რაც ლათინურად გახსნას ნიშნავს. ამ თვეს იწყებოდა რომში გაზაფხული.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აპრილს იგრიკა ერქვა.

მაისი

მაისი კალენდარული წლის მეხუთე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძველ იტალიელთა მიწის ქალღმერთის მაიას სახელისაგან. მისდამი მიძღვნილი დღესასწაულები და მსხვერპლშეწირვა იმართებოდა გაზაფხულზე ბუნების გამოღვიძებასთან დაკავშირებით.

მაისს ძველი ქართული წარმართული კალენდრით ვარდობისა ერქვა.

ივნისი

ივნისი კალენდარული წლის მეექვსე თვეა. სახელწოდება მომდინარეობს ძცელ რომაელთა ქალღმერთის იუნონას სახელისგან. იუნონა თავდაპირველად იყო წვიმის, მოსავლისა და გამარჯვების ქალღმერთი. მოგვიანებით ქალთა მფარველად აღიარეს, შემდეგ ქორწინებისა და ნაყოფიერების ღვთაებად მიიჩნიეს.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს მარიალისა ერქვა, ხალხი ივანობისთვეს, თიბათვეს ეძახდა.

ივლისი

ივლისი კალენდარული წლის მეშვიდე თვეა. ამ თვეს სახელი ეწოდა რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით ივლისს ერქვა თიბისა, ხალხში კვირიკობისთვეს, მკათათვესაც ეძახდნენ.

აგვისტო

აგვისტო კალენდარული წლის მერვე თვეა. სახელი ეწოდა რომის იმპერატორის ავგუსტუსის პატივსაცემად.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ერქვა, ხალხში მარიამობისთვესაც ეძახდნენ.

სექტემბერი

სექტემბერი კალენდარული წლის მეცხრე თვეა. სახელწოდება წარმოდგება სიტყვისგან - სეპტემ, რაც ლათინურად შვიდს ნიშნავს. ძველი, იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრის მიხედვით, სექტემბერი მეშვიდე თვე იყო.

საქართველოში მეათე საუკუნემდე ახალი წელი სექტემბრით იწყებოდა და ძველი ქართული წარმართული კალენდრით ახალწლისა ერქვა, ხალხში ენკენისთვესაც ეძახდნენ.

ოქტომბერი

ოქტომბერი კალენდარული წლის მეათე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან ოქტო, რაც ლათინურად ნიშნავს რვას. ოქტომბერი მერვე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ოქტომბერს ძველი ქართული წარმართული კალენდრით სთვლისა  ერქვა, ხალხში ღვინობისთვესაც ეძახიან.

ნოემბერი

ნოემბერი კალენდარული წლის მეთერთმეტე თვეა. სახელწოდება წარმოდგა სიტყვიდან ნოვემ, რაც ლათინურად ცხრას ნიშნავს. ნოემბერი მეცხრე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ტირისკონი ერქვა, ხალხში გიორგობისთვესაც ეძახიან.

დეკემბერი

დეკემბერი კალენდარული წლის მეთორმეტე თვეა. სახელწოდება წარმოსდგა სიტყვიდან დეცემ, რაც ლათინურად ათს ნიშნავს. დეკემბერი მეათე თვე იყო იულიუს კეისრის რეფორმამდელი კალენდრისა, რომლის მიხედვით წელიწადი მარტით იწყებოდა.

ძველი ქართული წარმართული კალენდრით დეკემბერს ტირისდენი  ერქვა, ხალხში ქრისტეშობისთვესაც ეძახიან.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№№61, 62, 63, 64, 66