შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი

ალბათ იცით, რომ ადრე არც კომპიუტერები და არც სტამბები არ იყო და როცა წიგნების გამრავლება უნდოდათ, მათ ხელით გადაიწერდნენ ხოლმე. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანიც“ ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა.


მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაცია


მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაცია

პირველ ხელით ნაწერ „ვეფხისტყაოსანს“ ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი მეჩვიდმეტე საუკუნის ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ, ხელნაწერებზე შემორჩენილია „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები. მაგალითად, პოემის ორი პატარა ბწკარი მეთოთხმეტე საუკუნის ხელნაწერზეა მიწერილი. ბერთის მონასტერში მეთხუთმეტე საუკუნეში გადაწერილი სახარების გვერდებზეც გვხვდება „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნაწყვეტი, რომელიც, როგორც ხელნაწერი გვამცნობს, ვიღაც იორდანეს მიუწერია.

საქართველოს სამხრეთით, ვარძიასთან ახლოს, ვანის ქვაბებში ადრე მონასტერი იყო. სწორედ იმ მონასტრის კედლებზეც შემოგვრჩა თურმე „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტები, რომლებიც დაახლოებით XV-XVI საუკუნეების დროინდელი უნდა იყოს. მაგრამ მიუხედავად ამდენი ხელნაწერისა, მათ შორის არც ერთი არაა თავად ავტორის დაწერილი და ზუსტი თარიღიც კი არ აწერია. პირველი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც გადაწერის თარიღი აქვს, 1646 წელს შეიქმნა. იგი სამეგრელოს მთავრის, ლევან მეორე დადიანის შეკვეთით გადაუწერია მდივან მამუკა თავაქარაშვილს და ხელნაწერი პატარა ნახატებითაც შეუმკია. სულ კი ჩვენამდე მოღწეულია 162 ხელნაწერი და კიდევ 32 ნაწყვეტი, რომლებიც სხვადასხვა წიგნების ხელნაწერებზეა მიწერილი.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“,
№13(29) 2004წ. 25 ივნისი