ცეკვა „ქართული“

ცეკვა „ქართული“ ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი სილამაზის გამოხატულებაა, ქალ-ვაჟის სიყვარულის პოემაა, სიჩაუქის, კდემამოსილების, კეთილშობილების, სიწმინდის, სიფაქიზის, რაინდობის, ვაჟკაცობის ზეიმი, რუსთაველის შაირივით განუმეორებელი და სწორუპოვარი. იგი ხალხის წიაღში წარმოიშვა და საუკუნეთა განმავლობაში იხვეწებოდა. მასში ქალის სინარნარე ჰარმონიულად ერწყმის ვაჟის სიმარდესა და საჩაუქეს. ამ ცეკვის სიწმინდის დაცვა და მოვლა-პატრონობა ყოველი ქართველის მოვალეობაა.

ცეკვა ასე სრულდება:

ცეკვას იწყებს ვაჟი, რომელიც ფეხების სწრაფი და სხარტი მოძრაობით წრეს ჩამოუვლის, მიუახლოვდება თავის რჩეულს და თავაზიანად თავის დაკვრთ მიიპატიჟებს. ქალი თანხმობის ნიშნად თავს ოდნავ დახრის და ნარნარი სვლით, მკლავების მოხდენილი და ნარნარი მოძრაობთ გაჰყვება. იგი კი არ მოძრაობს, მიცურავს. მიუახლოვდება ადგილს, საიდანაც დაიწყო ცეკვა, შემობრუნდება და შეჩერდება. ვაჟი ცალად განაგრძობს ცეკვას, უკუსვლით ცენტრისკენ იხევს, ცენტრში ქალისკენ სახემიპყრობილი იწყებს ფეხების გასმას და ქალს უახლოვდება. ვაჟი ამთავრებს გასმას. ქალი სწრაფად სწყდება ადგილს, ვაჟი ქალს წამოეწევა. ქალი სვლას ანელებს და ანიშნებს ვაჟს, ცალკე ვცეკვავო. ვაჟი შეჩერდება, ქალი ვაჟის მოპირდაპირე მხარეს მოექცევა, ანაზდად შეცვლის მკლავების მოძრაობის მიმართულებას და გვერდზე სვლოთ ცენტრისკენ გაემართება, ვაჟს გადახედავს, მის მხარეს ოდნავ გადაიხრება და დინჯად დაიწყებს ადგილზე ბრუნვას, შემდეგ ანაზდად მოსწყდება ადგილს და ვაჟისკენ გაემართება, ჩაუქროლებს მას, ვაჟიც გვერდზე გაჰყვება. ქალი ხშირად იცვლის გეზს და მიმართულებას, რათა ვაჟს დაუსხლტეს, მაგრამ ვერ ახერხებს. მაშინ სწრაფად მიტრიალდება, გაემართება ცენტრისკენ, ვაჟს ნახევარი ნაბიჯით გაუსწრებს. ქალი რწმუნდება, რომ ვაჟი მისდამი წრფელი სიყვარულის გრძნობთ არის განმსჭვალული, მის წინ ჩერდება და თავის ოდნავ დახრით აგრძნობინებს, რომ თავის გულისსწორად მიაჩნია.
ცეკვა ხუთი ნაწილისგან შედგება. ესენია: 1. ვაჟის გამოსვლა, 2. ქალის მიპატიჟება და ქალ-ვაჟის მიერ წრის საცდელი შემოვლა. 3. ვაჟის ცალკე ცეკვა (სოლო), 4. ქალის ცალკე ცეკვა (სოლო), 5. ბოლო, დასკვნითი ნაწილი ქალ-ვაჟის ცეკვა.

ცეკვის დროს უნდა დავიცვათ ეს წესები: 1. ვაჟი ტანსაცმლითაც კი არ უნდა შეეხოს ქალს. 2. ცეკვის დაწყებიდან დამთავრებამდე ვაჟის ყურადღება მხოლოდ ქალისკენ უნდა იყოს მიპყრობილი. 3. წრეზე სვლის დროს ვაჟი არ უნდა ჩამორჩეს ქალს. 4. ქალის უკუსვლის დროს ვაჟს შეუძლია გარკვეფლი მანძილით დაშორდეს ქალს, მაგრამ სახე მისკენ უნდა ჰქონდეს მიპყრობილი, ხოლო როცა ქალი უკუსვლას წინსვლით შეცვლის, სწრაფად უნდა დაეწიოს მას. 5. ქალის წინსვლის დროს ვაჟი მას გვერდზე (მარცხნივ) მიჰყვება. 6. როცა ქალი იწყებს ცეკვას, ვაჟი ერთ ადგილზე დგას თავისუფლად (ან ტაშს უკრავს). 7. როცა ქალი უკუსვლით მოძრაობს, ვაჟი არ შეიძლება ქალის წინ, პირისპირ იდგეს, ოდნავ მარჯვნივ ან მარცხნივ უნდა იდგეს ქალის მოძრაობის მიმართულების მიხედვით. 8. ვაჟი ცეკვავს უქუდოდ. შეიძლება ქუდი ხელში ეჭიროს. 9. არ შეიძლება ვაჟის ცერებზე ცეკვა, ან უადგილო ხტომები. 10. ცეკვის დროს არც ქალის, არც კაცის ზედა ტანი არ უნდა ირხეოდეს. 11. ვაჟი მანამ არ მიატოვებს ცეკვას, სანამ ქალი არ დაამთავრებს. 12. თუ ქალი დაიღალა და ცეკვა ადრე მიატოვა, ვაჟს უფლება არა აქვს, სხვა ქალი გამოიპატიჟოს.

თინა ღვინაძე

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№107, 2009