ქართული სასულიერო მუსიკა

ქართული სასულიერო მუსიკის ისტორია IV საუკუნეში იწყება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ შეიქმნა თვითმყოფადი, ქართული სასულიერო გალობა, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იქნებოდა წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე ჩატარება. სასულიერო მუსიკის განვითარებას ხელს უწყობდა საგუნდო ხელოვნების სწავლება ეკლესიებთან გახსნილ სკოლებში. განსაკუთრებულ მწვერვალს მან X საუკუნეში მიქაელ მოდრეკილისა და სხვა სასულიერო მოღვაწეთა წყალობით მიაღწია.

საქართველოსა და უცხოეთში მდებარე მონასტრებსა და სავანეებში არსდებობდა სემინარიები და აკადემიები, სადაც მუსიკის სწავლებას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, აყალიბებდნენ გუნდებს, მათთვის ამზადებდნენ სახელმძღვანელოებს, თხზავდნენ ქართულ საგალობლებს, ჰიმნებს.

გამოჩენილ ჰიმნოგრაფს, მგალობელსა და მოღვაწეს გიორგი ათონელს (IX ს.) 80 ბავშვისაგან შემდგარი სამგალობლო გუნდი ჰყავდა, რომელიც ქართულ და ბერძნულ საგალობლებს ასრულებდა.

მუსიკალურ ხელოვნებაში ფრიად განსწავლულმა ქართველმა ჰიმნოგრაფებმა წმინდა იოანე დამასკელის მიერ მე-7 საუკუნეში შექმნილი ე.წ. „რვა ხმის სისტემაზე“ დაყრდნობით შექმნეს მრავალხმიანი ქართული საეკლესიო საგალობლები, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან სხვა ხალხების საგალობლებისაგან.

ქართული საგალობლები, ძირითადად, სამხმიანია. თუმცა იოანე ბატონიშვილისა და დავით მაჩაბელის ლიტერატურულ წყაროებში გვხვდება ცნობები ექვსხმიანი საგალობლების შესახებ, რომელთაც ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ქართული საგალობლების სამხმიანობის შესახებ მეტად საინეტრესოდ საუბრობს მე-11 საუკუნის გამოჩენილი სასულიერო მოღვაწე იოანე პეტრიწი. იგი სამხმიან საგალობელს ყოვლადწმიდა სამებას ადარებს და ამბობს, რომ როგორც ქართულ საგალობელში სამი ხმა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ისე, რომ ერთ მთლიან სხეულს ქმნის, ასეა ყოვლადწმიდა სამებაც. იგი არის სამპიროვანი, მაგრამ ერთი მთლიანი და განუყოფელი.

აღსანიშნავია, რომ ქართველებს ჰქონდათ საკუთარი მუსიკალური დამწერლობა, ძველი ქართული მუსიკალური ნიშნები, რომელთაც ნევმები ეწოდებათ. სამწუხაროდ, მათი კითხვის წესი მივიწყებულია და დღესდღეობით ნევმებით ჩაწერილი საგალობლების გაშიფვრა ვერ ხერხდება.

ქართულ გალობაში შეინიშნება ორი დიდი ჯგუფის არსებობა: აღმოსავლურ-ქართული და დასავლურ-ქართული ჯგუფებისა. თითოეულ ქართულ საგალობელს, ქართული ხალხური სიმღერებისაგან განსხვავებით, თავიანთი ავტორი ჰყავს, თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, მათი ვინაობა ჩვენთვის უცნობია.

ქართული სამგალობლო ხელოვნების მოამაგენი არიან: წმ. გრიგოლ ხანძთელი, წმ. იოანე ზოსიმე, წმ. იოანე მინჩხი, წმ. იოანე მტბევარი, წმ. მიქაელ მოდრეკილი, წმ. ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები, წმ. არსენ იყალთოელი, წმ. იოანე პეტრიწი (ჭიმჭიმელი) და სხვები.

დღესდღეობით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში თითქმის ყველა ტაძარში სრულდება მრავალხმიანი ქართული საგალობლები. დიდი ყურადღება ექცევა ძველი ქართული საგალობლების აღდგენას. ამ მიზნის განსახორციელებლად საქართველოს საპატრიარქოში  სპეციალური განყოფილებაც შეიქმნა.

გამოყენებული ლიტერატურა:

„საუბრები ხელოვნებაზე“
მერიდიანი, 2003

„საქართველო არის ესე“
კუკური ჭოხონელიძე „ქართული საგალობლები“
ციცინათელა, 2003