ქართული ხალხური მუსიკა

ქართული ხალხური მუსიკა უძველეს დროში იღებს სათავეს. მეცნიერული გამოკვლევები მოწმობენ, რომ იგი ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინ უნდა გაჩენილიყო. თუმცა პირველი ქართული წერილობითი ცნობა ხალხური მუსიკის შესახებ არის XI საუკუნის გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის იოანე პეტრიწის ნაშრომი, სადაც საკრავის სიმებსა და ხმებს ერთნაირი დასახელებები აქვთ: მზახრ, ჟირ, ბამ, რაც მიუთითებს, რომ საკრავები სამსიმიანი უნდა ყოფილიყო, სიმღერები კი სამხმიანი.

ქართული მუსიკალური ფოლკლორის ძირითადი დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია უავტორობა, ანუ ანონიმურობა, ერთობლივი, ანუ კოლექტიური შემოქმედება, ვარიანტების მრავალფეროვნება, იმპროვიზაციულობა*, ზეპირი გადაცემის ტრადიცია.

ქართული სიმღერები, ძირითადად, სამხმიანია, თუმცა არის ერთხმიანი და ორხმიანი სიმღერებიც. გურულ და აჭარულ შრომის სიმღერებში კი ოთხხმიანი სიმღერებიც გვხვდება.

გუნდში ხმების სახელწოდებებია: I ხმა - მოძახილი (წვრილი, გამყინავი, კრიმანჭული); II ხმა - მთქმელი (დამწყები); III ხმა - შემხმობარი (ეს განსაკუთრებული ხმა ემატება მხოლოდ ოთხხმიანობისას); IV ხმა - ბანი.

ქართულ სიმღერაში ფრიად ორიგინალური მოვლენაა კრიმანჭული. კრიმანჭული ძალიან რთული შესასრულებელია, რადგან მას განსაკუთრებული ხმა და ძალიან დახვეწილი შესრულების ტექნიკა სჭირდება. ამიტომ კრიმანჭულის შემსრულებლები ძალზედ ცოტაა.

ქართულ ხალხურ საგუნდო სიმღერებს, ძირითადად, ასრულებენ მამაკაცები საკრავების თანხლების გარეშე. გუნდში უმეტესობა მღერის ბანს, ხოლო ზედა ხმებს ასრულებენ სოლისტები. ქალების მიერ შესრულებული სიმღერები ძირითადად სოლო ან საანსამბლოა და საკრავების თანხლებით იმღერება.

ქართული ხალხური სიმღერები შინაარსით მრავალფეროვანია. ძირითადად, გამოყოფენ სამ ჟანრს: შრომის სიმღერებს, ეპიკურ, ანუ საგმირო ხასიათის სიმღერებსა და საწესჩევეულებო სიმღერებს.

ადამიანი ცხოვრების უმთავრეს ნაწილს შრომაში ატარებს, ამიტომაც არის ალბათ, რომ ხალხურ სიმღერებში ამ ტიპის სიმღერები ყველაზე მეტია. მაგ., ქართლ-კახეთში პურის ლეწვისას მღეროდნენ ე.წ. „ოროველას“ ჯგუფში შემავალ სიმღერას - „კევრული“. მიწადმოქმედებასთან დაკავშირებულია სიმღერა „კალოსპირული“, „ბიჭო, პური შემოსულა“ და სხვები. სიმინდის გარჩევის დროს იმერეთსა და გურიაში სრულდებოდა „ხელხვავი“, ტყიდან დიდი მორების გამოთრევისას კი „ელისეს“ მღეროდნენ. სამეგრელოში შრომის სადიდებელი ჰიმნი იყო „ოდოია“.

ეპიკურ ანუ საგმირო სიმღერებს განეკუთვნება ხალხური თქმულებებისა და მითების მიხედვით შექმნილი სიმღერები: ამირანზე, „სიმღერა ავთანდილზე“, ბალადა „ვეფხი და მოყმე“.

საწესჩვეულებო სიმღერები სამ ჯგუფად იყოფა: საკულტო, ანუ რომელიმე ღვთაების ან წმინდანისადმი მიძღვნილი, საკალენდარო, ანუ ბუნების მოვლენებთან, ან წელიწადის სხვადასხვა დროს გამართულ დღესასწაულებთან დაკავშირებული და საყოფაცხოვრებო, რომელშიც შედის სუფრული („მრავალჟამიერი“, „ჩაკრულო“, „ღიღინი“ და სხვ.), იავნანები, ტირილები („ზარი“, „მოტირილი“ და ა.შ.), სატრფიალო და სახუმარო სიმღერები („წინწყარო“, „გაფრინდი, შავო მერცხალო“, „ჩაგუნა“, „გარეკახური საჭიდაო“...), სამგზავრო-სალაშქრო სიმღერები („მხედრული“, „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“, „მგზავრული“, „ჰასანბეგურა“...).

ქართული ხალხური საკრავები სამი ტიპისაა: სიმებიანი, ხის სასულე და დასარტყამი საკრავები.

სიმებიანი საკრავებია: ჩონგური, ფანდური, ჭიანური და სხვა.

ხის სასულე საკრავებს განეკუთვნება: სალამური, გუდასტვირი, ჭიბონი, რომელიც გუდასტვირის აჭარული ვარიანტია.

დასარტყამი ინსტრუმენტებიდან გამორჩევა დოლი, დიპლიპიტო (იგივე ნაღარა), დაირა.

ხალხური საკრავები ოდითგანვე სიმღერების თანხლებისათვის გამოყენებოდა.

გამოყენებული წყარო:
„საუბრები ხელოვნებაზე“
გამომცემლობა მერიდიანი
თბილისი, 2003

* - იმპროვიზაცია შემოქმედების განსაკუთრებული სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თხზვა უშუალოდ შესრულების პროცესში.