ქართული თეატრი


ბერიკაობა

საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი - მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე.

უძველესი თეატრალური სანახაობის არსებობას ადასტურებს ქართული ხალხური პოეზია და მხატვრული ლიტერატურა.


ანტიკური ნიღბები

ქართული თეატრის ფესვები ძალზე შორეულია და მისი საწყისები დაკავშირებულია მოსავლის აღების რიტუალურ დღესასწაულებთან. ძვ. წ. აღ. VI-III სს-ში კოლხეთის სამეფოში, ქუთაისის მახლობლად, აშენებული იყო არენა1, სადაც ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები და სხვა სანახაობები. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუში2 იყო თეატრის შენობა და იპოდრომი3. ქართლში კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქ უფლისციხეშიც (ძვ. წ. აღ. III-II სს) ყოფილა სცენა, მუსიკოსთათვის განკუთვნილი ადგილი და მაყურებელთა დარბაზი.

ვანში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის თეატრალური ნიღაბი, რომლის ერთი მხარე სიცილის გამომხატველია, მეორე კი - სერიოზული გამომეტყველებისა. ნიღბების მსგავსება ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ ნიღბებთან მოწმობს, რომ საქართველოში იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ სანახაობათა კულტურას.


უფლისციხე

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში არსებობდა თეატრონი, სადაც ასრულებდნენ „რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას“.

ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი - ბერიკაობა. ბერიკები თაობათა მიერ დამუშავებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარების მიხედვით ქმნიდნენ „სპექტაკლებს“, თუმცა მთელ რიგ სცენებს უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობისას თხზავდნენ.

ბერიკაობის სათავედ ბუნების განახლებისა და განაყოფიერების საკულტო4  წეს-ჩვეულება არის მიჩნეული, ამიტომ ის საქართველოს ყველა კუთხეში გაზაფხულის დღესასწაულს უკვშირდებოდა. უმეტესწილად, ბერიკაობა სოფლის მოვლით, კარდაკარ ჩამოვლით, ეზოში ან სახლის წინ სრულდებოდა, თუმცა მაყურებელი ხშირად საგანგებოდ მოწყობილ მოედნებსა და სათამაშო ადგილებზეც იყრიდა თავს. გადმოცემით, ბერიკებისათვის მეფე ერეკლეს სასახლეში საგანგებო „საოხუნჯო დარბაზიც“ კი ყოფილა გამოყოფილი.

ბერიკაობაში მხოლოდ მამაკეცები მონაწილეობდნენ. ბერიკებს თავისი მეთაური - ბერიკათწინამძღვარი ჰყავდა. ბერიკათა გუნდს დასი ან დასტა ეწოდებოდა. დასში შედიოდა ტახის, დათვის, თხის, მგლის, მეფის, მოსამართლის, ექიმის, მღვდლის, ბატონის, ვაჭრისა და სხვათა ნიღბები. აკრეფილი გასამრჯელოს შესაგროვებლად დასს ჰყავდა მებარგულები, რომლებიც სახედრებით, ცხენებით, ურმებით დაჰყვებოდნენ უკან. საკრავებიდან ბერიკები იყენებდნენ სტვირს, ზურნას, ჩონგურს, დაირას. სასიმღერო რეპერტუარს5 ბერიკაული ეწოდებოდა.

არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა - ყეენობა. ეს იყო დიდი სახალხო სანახაობა, საკარნავალო დღესასწაული, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ბრძოლას უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ყეენობაში მონაწილებას მთელი ხალხი იღებდა.

ყეენობა შეიცავდა ყეენის მოკაზმვის, ქალაქისა თუ სოფლის დარბევის, სასამართლოს, მეფესა და ყეენს შორის ატეხილი ბრძოლის, დამარცხებული ყეენის მდიანრეში გადაგდების სცენებსა და ორ საზეიმო მსვლელობას. ყეენობის მონაწილეები იყენებდნენ გრიმებს, ანუ სახეს იცვლიდნენ მოხატვით, წვერ-ულვაშის მიწებებით და ა.შ. ყეენობისას ჟღერდა მუსიკა.

მაყურებელს ყეენისათვის გასამრჯელო უნდა მიეცა, რითაც შემდეგ ხარჯებს ფარავდნენ, დარჩენილი თანხით კი ქეიფს მართავდნენ. ამ ფულით ეხმარებოდნენ ასევე ავადმყოფებს, გაჭირვებულებსა და უმზითვო ქალებს.

შუა საუკუნეებში გაჩნდა სახალხო თეატრიც, რომელსაც „სახიობა“ ეწოდებოდა. თეატრში მაყურებელს სთავაზობდნენ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს, პატრიოტულ სცენებს. ამ თეატრის მსახიობები მოცეკვავეები და მომღერლებიც იყვნენ. ისინი იყენებდნენ ნიღბებს. სახიობის თეატრს სათავეში ედგა დავით მაჩაბელი, ამავე დასში იყო საიათნოვაც.


ოპერის თეატრის დარბაზი

XVII საუკუნეში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის ლექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი. სასკოლო თეატრში კითხულობდნენ ლექსებს, დგამდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. ასეთი თეატრი სასულიერო სასწავლებლებთან არსებობდა. მათთვის იწერებოდა საგანგებო, რელიგიური შინაარსის სასკოლო დრამები6.

XVIII საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ავალიშვილი. თეატრის დასი წარჩინებული, განათლებული, წიგნიერი ადამიანებისაგან შედგებოდა.

გიორგი ავალიშვილს თეატრი თავისებურ სკოლად მიაჩნდა, იგი მაყურებლის ზნეობრივ განწმენდას ისახავდა მიზნად, ამიტომ სცენაზე ქვეყნისა და ერისათვის თავდადებულ ადამიანებს წარმოაჩენდა.


რუსთაველის თეატრი

ქართული თეატრალური ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობდა მუდმივმოქმედი თეატრალური დასი. ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილები იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, ოჯახური წარმოდგენები, შეკრება-საღამოები. ლიტერატურულ სალონთა შორის ცნობილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის, მამია გურიელის, მელიტონ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონები. ნიადაგი მუდმივმოქმედი თეატრალური დასისათვის უკვე შემზადებული იყო. ამ დროისათვის არსებობდა ოცზე მეტი, როგორც ქართული, ისე ნათარგმნი პიესა.

1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა - გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.

გიორგის ერისთავის თეატრმა მხოლოდ ექვს წელს იარსება, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და მშობლიური ენის შენარჩუნებაში.

ქართული პროფესიული თეატრი თბილისში აღდგა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.

ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ფიქრობდნენ საბავშო თეატრის შექმნას. 1871 წელს დ. შალიკაშვილის სახლში დაიდგა ორი წარმოდგენა ბავშვებისათვის. მიუხედავად მცდელობისა, საბავშვო თეატრი 1928 წლამდე ვერ გაიხსნა. 1928 წლის 16 დეკემბერს კი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო ქართულმა თეატრმა პირველი მაყურებელი მიიღო. საბავშვო თეატრის წინა საფეხურად სასკოლო თეატრი მიიჩნევა.

გამოყენებული წყარო:
„საუბრები ხელოვნებაზე“
გამომცემლობა მერიდიანი
თბილისი, 2003

1.არენა - მოედანი, სცენა ღია ცის ქვეშ, სადაც რაიმე სანახაობა იმართება.
2. აფსარუ - იგივე აფსარუნტი, ციხე-ქალაქი აჭარაში, შემდგომში იწოდებოდა გონიოს ციხედ.
3. იპოდრომი -
საგანგებოდ მოწყობილი ადგილი ცხენოსნობაში შესაჯიბრებლად.
4. საკულტო - წარმართულ-რელიგიური.
5. რეპერტუარი - მომღერლის მიერ შესრულებულ სიმღერათა ერთობლიობა.
6. დრამა - ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც დაწერილია დიალოგებად და განკუთვნილია სცენაზე დასდგმელად.