გიორგი ცოცანიძე

ფშავი

ფშავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა. სახელწოდება „ფშავს“ მდინარის ან ნაკადულის ერთი ტიპის ზოგადი სახელი „ფშა“ („ფშანი“) უნდა ედოს საფუძვლად. „ფშა“, იგივე „ფშანი“, ეწოდება ჭაობიანი ადგილის ან დიდი მდინარის სანაპირო ჭალებისგან ნაჟურ მცირე მდინარეს ან ნაკადულს. ამდენად, ფშავი ფშებიან ადგილს ნიშნავს.

ფშავი უძველესი ხანიდან იყო დასახლებული. შუა საუკუნეებში ჯერ კვეტერის საერისთავოში შედიოდა, შემდეგ ერწო-თიანეთის სამთავროში. XV საუკუნეში, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ფშავი კახეთს განუდგა, მაგრამ XVI საუკუნეში ისევ მას დაემორჩილა. XVII საუკუნეში კი არაგვის საერისთავოს ემორჩილებოდა.

ძველად ფშაველებს ჰქონიათ 12 თემი, 12 სალოცავი და საერთო სალოცავი - დიდი ბატონი „ლაღი ლაშარის ჯვარი“.

ფშავი ვაჟა-ფშაველას სამშობლოა, სწორედ ამ მხარის სიტყვიერი კულტურის ტრადიციებზე აღიზარდა ეს ბრწყინვალე მწერალი.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003