ლევან ფრუიძე

გურია

გურია დასავლეთ საქართველოში მდებარეობს. სახელწოდება „გურიის“ წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია. ივანე ჯავახიშვილი მას ქართველთა უძველეს სახელწოდებას „ჰიბერს“ უკავშირებს და აქედან ნაწარმოებად მიაჩნია „ეგრისი“ - „მეგრელი“ და „გურია“ - „გურული“.

გურია სამ რაიონს მოიცავს: ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის.

გურიაში საკმაოდ იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. აქ მარცვლოვანი კულტურებიდან მოჰყავდათ ღომი და სიმინდი, ითესებოდა ბრინჯი და ბამბა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურულებს მრავლად მოჰყავდათ ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული და სხვა ხილი. გურიაში ოდითგანვე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახები მაღლად (ხეებზე აყვანილი) ჰქონდათ გაშენებული. საყოველთაოდ იყო განთქმული ჩხავერის ღვინო. მაღალ დონეზე იდგა მესაქონლეობაც.

ქართულ წერილობით წყაროებში გურია პირველად იხსენიება VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით. მემატიანე იუწყება, რომ მურვან-ყრუს შემოსევების ჟამს (735-738 წწ.) არაბთა უთვალავმა ლაშქარმა გაიარა „გზა გურიისა“ („ქართლის ცხოვრება“).

გურია უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელ გურიანთაში აღმოჩნდა უძველესი ნამოსახლარი. ასეთივე ნამოსახლარი აღმოჩნდა სოფელ ანასეულში. აღსანიშნავია ვაშნარის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და ადრექრისტიანული ძეგლები, ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები.

გურია საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საერისთავო იყო. როცა XV საუკუნეში საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, ჩამოყალიბდა გურიის სამთავრო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათ ძირითადი რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003