ლევან ფრუიძე

იმერეთი

„იმერეთი“, როგორც სახელწოდება და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, საკმაოდ გვიან წარმოიშვა. ადრე აქ იყო ისტორიული არგვეთი, რომელშიც მთელი იმერეთი და რაჭის ნაწილიც შედიოდა.

იმერეთის სამეფო XV საუკუნეში ჩამოყალიბდა და დროდადრო მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა.

სახელწოდება „იმერეთის“ დამკვიდრებას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ხსნის: როცა ბაგრატიონებმა აფხაზეთი და მთელი საქართველო დაიპყრეს, მათ უწოდეს ქართლს ამერეთი და აფხაზეთს იმერეთი, ანუ იმერნი და ამერნი.

იმერეთი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერაა. აქაური ვაზის ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, კრახუნა, ალადასტური და სხვა საუკეთესო ღირსებებით გამოირჩევა.

იმერეთის გულია ქუთაისი - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი.

VIII საუკუნის ბოლოს, როცა ლეონ მეორემ ბიზანტიის გავლენას თავი დააღწია, ანაკოფიიდან ტახტი ქუთაისში გადმოიტანა და დაქუცმაცებული საქართველოს მხარეებმა გაერთიანება სწორედ ქუთაისის ირგვლივ იწყეს. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა სამეფო გვირგვინი ქუთაისში დაიდგა. თბილისის გათავისუფლებამდე ქუთაისი საქართველოს დედაქალაქი იყო. აქ მოღვაწეობდა დავით აღმაშენებელი, რომელმაც გელათის მონასტერი და აკადემია ააშენა. გელათი ქართული კულტურისა და განათლების უმნნიშვნელოვანესი კერა იყო. მემატიანის თქმით, იგი „მეორე ათინად“ იქცა.

XVI საუკუნეში დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა. იმერეთის მეფეები მტკიცედ იცავდნენ ქვეყანას მომხდურთაგან. შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, სოლომონ პირველმა შეძლო ტახტის განმტკიცება, ოსმალთა თვითნებობის აღკვეთა და ტყვეთა სყიდვის აკრძალვა. მისმა მემკვიდრემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ახალ აგრესორს - რუსეთის იმპერიას - და იმერეთს დამოუკიდებლობა 1810 წლამდე შეუნარჩუნა. მაგრამ საბოლოოდ იმერეთი მაინც რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდა.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში ქუთაისი დასავლეთ საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, სამრეწველო ქალაქებად იქცნენ ჭიათურა (სადაც მარგანეცს მოიპოვებდნენ) და ზესტაფონი (სადაც ფეროშენადნობთა ქარხანა აიგო).

დღეს იმრეთში მოშლილია მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ქალაქებმა ჩვეული სახე დაკარგეს, სოფლებმა დაცარიელება იწყეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003