ბეჟან ხორავა

ჯავახეთი

ჯავახეთი სამხრეთ საქართველოს მხარეა. იგი პირველად იხსენიება ძვ.წ. 785 წელს ურარტუს მეფის არგიშთი I წარწერაში, როგორც დაპყრობილი მხარე. ქართული წყაროების მიხედვით, ჯავახეთი ოდითგანვე წუნდის საერითავოში შედიოდა და ქართლის მეფეს ემორჩილებოდა. წმინდა ნინო ჯავახეთიდან შემოვიდა მცხეთაში. ჯავახეთის საეკლესიო ცენტრი კუმურდოს ტაძარი იყო.

ისტორიულად ჯავახეთი იყოფოდა ზემო ჯავახეთად და ქვემო ჯავახეთად. XI საუკუნიდან ზემო ჯავახეთის ცენტრი გახდა ახალქალაქი, ხოლო ქვემო ჯავახეთის ცენტრს X საუკუნიდან თმოგვი წარმოადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) ჯავახეთი აღმავლობის გზას ადგა. აშენდა ქარვასლები, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები. აქ არის ცნობილი ვარძიის კომპლექსი.

XII საუკუნიდან ჯავახეთს თორელთა საგვარეულო განაგებდა. XV საუკუნიდან ჯავახეთი სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ეკუთვნოდა, ხოლო XVI საუკუნეში ოსმალეთმა მიიტაცა. ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქართლსა და იმერეთში გადასახლდა, ადგილზე დარჩენილები იძულებით გაამაჰმადიანეს.

XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ჯავახეთში კომპაქტურად სახლდებოდა თურქეთიდან დევნილი სომხური მოსახლეობა. ამავე პერიოდში რუსეთიდან გადმოასახლეს ერთ-ერთი სექტის მიმდევრები - დუხობორები.

  გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003