კობა ხარაძე

კახეთი

უძველესი დროიდანვე კახეთის (ისტორიული კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის) ისტორია მჭიდროდ უკავშირდება აღმოსავლურ ქართულ, ქართის სახელმწიფოებრიობის განვითარებას.

ძვ.წ. XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო ადმინისტრაციული ერთეულების - ხევების - ჩამოყალიბება. ასეთი ხევების მამასახლისები იყვნენ კახოსი, კუხოსი და ჰეროსი. ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, ფარნავაზის დროს, კახეთის სამამასახლისო კახეთის საერისთავოდ იქცა, მასში გაერთიანდა კუხეთის სამამასახლისოც. მათი გაერთიანება ბუნებრივად მოხდა. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან კახეთის საერისთავო გაფართოვდა, მასში ჰერეთიც გაერთიანდა.

VIII საუკუნის 30-50-იან წლებში კახეთის საერისთავოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა კახეთის სამთავრო. მოგვიანებით, „კახეთის“ ცნება საგრძნობლად შეიცვალა. კახეთს ჩამოსცილდა ჰერეთი, რომელიც დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა. სამაგიეროდ, კახეთის საზღვრებში მოექცა გარდაბანი, საზღვრები გაფართოვდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითაც.

XII საუკუნეში კახეთი და ჰერეთი დავით აღმაშენებელმა გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემოუერთა. მაგრამ XV საუკუნეში, როცა საქართველო სამეფო-სამთავროებად დაიშალა, წარმოიქმნა გვიანდელი კახეთის სამეფო, გაუქმდა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შეიქმნა. XVII-XVIII საუკუნეებში კახეთს ჩამოშორდა მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი კაკ-ენისელი. XVIII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა „საინგილო“.

დღეს კახეთის შემადგენლობაშია საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები.

კახეთი ძალიან მდიდარი რეგიონია. მის მადლიან მიწაზე მრავალგვარი მოსავალი მოდის. განსაკუთრებით კი კახეთი ცნობილია თავისი უგემრიელესი და მსოფლიოში სახელგანთქმული ღვინოებით. კახეთში განვითარებულია მესაქონლეობაც.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003