დავით მუსხელიშვილი

კლარჯეთი

კლარჯეთი ისტორიული სამხრეთ საქართველოს მხარეა. სახელწოდება კლარჯეთი მომდინარეობს დაბა კლარჯეთის სახელისაგან. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენციაც V საუკუნის მეორე ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო, რომლის ცენტრი ახიზაში იყო.

VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატოვანთა დინასტია. IX საუკუნის დამდეგს მეფე აშოტ I დიდმა (კურაპალატმა) არაბთა ლაშქრობებითა და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა. ამავე დროს, აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა წმინდა მამის - გრიგოლ ხანძთელის - თაოსნობით. კლარჯეთი განთქმული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით.

XVI საუკუნეში კლარჯეთი საქართველოს სხვა ტერიტორიულ ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003