ნინო თომაძე

ქართლი

ქართლი აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალური მხარეა. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით იგი რამოდენიმე ნაწილად იყოფა. ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის ერთი ნაწილი ბიბლიური უფლოსის სამფლობელო ყოფილა და მოიცავდა ტერიტორიას არაგვიდან ტაშისკარამდე და ფარავნამდე. ამ ტერიტორიას, ძველი ქართული წყაროების მიხედვით, „ზენა სოფელი“, ანუ „შიდა ქართლი“ ერქვა.

დროთა განმავლობაში ქართლი ძალიან გაძლიერდა პოლიტიკურად და მისი სახელი განზოგადდა მთელ ქართულ მიწებზე. ანტიკური ხანის ბერძენი მწერლები და ისტორიკოსები - გელასი კესარიელი, რუფინუსი და სხვები, რომლებიც ქართლის გაქრისტიანების ამბავს მოგვითხრობენ, ქართლს, იგივე იბერიას, მთელ აღმოსავლეთ საქართველოდ, ანუ „ყოველ ქართლად“ მოიაზრებენ. ასეთივე მნიშვნელობით ვხვდებით მას გიორგი მეჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, სადაც წერია: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ამ „ქართლში“ იგულისხმებოდა ყველა ქართველის მიწა-წყალი, XI საუკუნიდან შემოდის ტერმინი „საქართველო“, რაც ქართველთა გაერთიანებულ სამკვიდროს აღნიშნავს.

ქართლის დედაქალაქი თავდაპირველად მცხეთა იყო, მის შემდეგ ჯერ აღმოსავლეთის, შემდეგ სრულიად საქართველოს დედაქალაქი თბილისი გახდა. ისტორიული ქართლის უმთავრეს ქალაქებად მიჩნეულია: კასპი, ურბნისი, ოძრხე, უფლისციხე, გორი.

XV საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგ ქართლის სამეფო დამოუკიდებელი ერთეული გახდა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი კახეთის სამეფოს შეუერთდა, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003