დევი ბერძენიშვილი

ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილია. სახელწოდება „ქვემო ქართლი“ მიუთითებს მის მდებარეობაზე მდინარე მტკვრის დინების ქვემო - მარჯვენა მხარეს.

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე ქართლის პიტიახშს ემორჩილებოდა. VII-XI საუკუნეებში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა თბილისის საამირო, კლდეკარის საერისთავო და ტეშირ-ძოგარეთის სამეფო. XII-XIII საუკუნეებში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე გაგისა და ლორეს სანაპირო საერისთავოები იყო.

XV საუკუნიდან დაიწყო მომთაბარე თურქმენული ტომების (ელის) ჩამოსახლება. ამავე პერიოდში ქვემო ქართლში შეიქმნა საბარათიანო, საორბელიანო და სხვა სათავადოები, ასევე „მეწინავე სადროშო“.

XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I აქ ბორჩალუს მომთაბარე ტომი ჩამოასახლა. ამავე დროს დააარსა ლორეს სახანო.

XVIII საუკუნეში ლეკების გამუდმებული თავდასხმების გამო ქვემო ქართლი მკვიდრი მოსახლეობისაგან თანდათან დაიცალა. შემდგომ ხანებში აქ გაჩნდნენ თურქულენოვანი, სომეხი და სხვა მოახალშენენი.

დღეს ქვემო ქართლი მოიცავს ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრი წყაროს რაიონებსა და მათ მომიჯნავე ტერიტორიებს.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003