ლევან ფრუიძე

რაჭა

რაჭა - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე - მდინარე რიონის ზემო წელში მდებარეობს.

ვახუშტი ბაგრატიონი ამ სახელის შესახებ წერს: ეს სახელი ეწოდა დიდ მთათა და ღრმა ადგილების გამო: „იხილე, რა ჭაა ადგილი ესე!“

მეცნიერები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, ზოგი „რაჭის“ სახელს მისი პირველი ერისთავის - რატის - სახელს უკავშირებს, ზოგი სვანურ „რაჭუს“ (კურდღელი), ზოგი კი სატომო სახელს „ჭანს“.

რაჭაში ადამიანს უხსოვარი დროიდან უცხოვრია. კუდაროსა და წონის გამოქვაბულები მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი უძველეს ადამიანთა საცხოვრისია, სადაც პირველყოფილი ადამიანი ქვის იარაღებს აკეთებდა და ცხოვრობდა.

რაჭის მთები დედამიწაზე არსებული უძველესი მაღაროებითაა დაღარული. სოფელ ღების მთებში ეს მაღაროები დღემდე პირველადი სახითაა შემორჩენილი. უძველესი მელითონეები ამ მაღაროებში სპილენძის მადანს მოიპოვებდნენ, ბრინჯაოდ ადნობდნენ და ნაირგვარ იარაღ-ჭურჭელს, განსაცვიფრებელ სამკაულებსა და ქანდაკებებს ამზადებდნენ. დადასტურდა, რომ აქაური მელითონეები ლითონითა და ლითონის ნაწარმით ამარაგებდნენ მრავალ ქვეყანას, სავაჭრო კავშირი ჰქონდათ ფინიკიასთან, ეგვიპტესთან და ა.შ.

რაჭა პურეული კულტურის უმთავრესი კერაა. უკანასკნელ ხანებდამდე შემორჩა უძველესი ჯიშები მახა და ზანდური, რომელთა თავთავებს უიშვიათესი იარაღით - შნაკვით - კრეფდნენ.

რაჭაში თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა საგანგებოდ გამოყვანილი ყურძნის საკუთარი ჯიში. ამიტომ აქ ვაზი ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე ხარობდა.

რაჭისა და ლეჩხუმის ისტორია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. VI საუკუნეში ლეჩხუმში ერისთავი უნდა მჯდარიყო, რომლის სამფლობელოში რაჭაც შედიოდა. ამ დროს რაჭა-ლეჩხუმი თაკვერად იწოდებოდა.

რაჭა-ლეჩხუმს მეტად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ის კეტავდა მამისონისა და მის მიმდებარე უღელტეხილებს და გზას უხშობდა ჩრდილოეთიდან მოძალებულ მომთაბარეებს.

გარდასული ძნელბედობის მოწმეებად რაჭას უამრავი თავდაცვითი ძეგლი შემორჩა: მინდაციხე, კვირაციხე, დექციხე და სხვა მრავალი კლდეკარი, კოშკი თუ პიტალო კლდეებზე ქვიტკირით ამოშენებული გამოქვაბულები - „სახიზაროები“.

რაჭა ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამის დასტურია ჯოისუბნის წმიდა გიორგის ეკლესია (VIIIს.), ტბეთის ეკლესია (VIII-IXსს.), ნიკორწმინდის ტაძარი, რომელიც 1010-1014 წლებში ააშენა ბაგრატ მესამემ.

ცნობილია ჭელიშის ღვთისმშობლის მონასტერი, რომელიც პირველად XI საუკუნეში იხსენიება. აქ უმდიდრესი წიგნთსაცავი იყო. 1902 წელს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ჭელიშის მონასტერში აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის“ XIII-XIV საუკუნეების ხელნაწერი, რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში ჭელიშური ვარიანტის სახელით იცნობენ.

რაჭა მდიდარია კურორტებით, განსაკუთრებით ცნობილია შოვი და უწერა.

რაჭულ სიმღერებს - „მაყრულო“, „ასლანური მრავალჟამიერი“, „ქვედრულა მოდიდებულა“ და სხვებს - ღირსეული ადგილი უჭირავთ ქართულ ხალხურ ფოლკლორში.

რაჭველები გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით, ურთიერთგამტანობითა და შრომისმოყვარეობით.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003