კობა ხარაძე

სამეგრელო

სამეგრელოს წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან, რომელშიც მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში კოლხეთი იცვლიდა ხოლმე სახელწოდებას. უძველეს დროში მას ეწოდებოდა „კოლხიდა“ ან „კოლხეთი“. შემდგომში ტერმინი „კოლხეთი“ შეიცვალა „ლაზიკის“ სახელით. თუმცა ძველი სახელიც დიდხანს შერჩა ამ სახელმწიფოს. ამავე დროს, ბერძნულ-რომაული სახელწოდება „ლაზიკის“ გვერდით, ამ სამეფოს აღსანიშნავად ქართულ წყაროებში გვხვდება სახელწოდება „ეგრისი“. აქედანაა ნაწარმოები მეგრელების სატომო სახელი „მ-ეგრ-ელი“. ამრიგად, სამეგრელოს ძველი ქართული სახელწოდებაა ეგრისი და შემდეგში აქედან ნაწარმოები სა-მ-ეგრ-ელო-ო.

VIII საუკუნის დასასრულს „ეგრისის“ პარალელურად და მის შემცვლელად ფეხს იკიდებს ტერმინი „აფხაზეთი“, შემდეგ კი ამავე მნიშვნელობით - „იმერეთი“. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „საერთოდ, ამ ქვეყნის სახელი სამია: პირველად ეგრისი, მეორედ აფხაზეთი, მესამედ იმერეთი“.

გვიან შუა საუკუნეებში სამეგრელოს „ოდიში“ ეწოდებოდა. მის ერისთავთა პირველი გვარეულობა ბედან დადიანისაგანაა წარმომდგარი. დროთა განმავლობაში, დადიანებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და საერისთავო სამთავროდ აქციეს.

თავდაპირველად სამეგრელოს ტერიტორიაზე საეროსთავო ჩამოყალიბდა. XI-XII საუკუნეებში საქართველოს პროვინციების მართვა-გამგეობა ერისთავებს ჰქონდათ ჩაბარებული, რომელთაც მეფე ნიშნავდა. თამარს ოდიშის საერისთავოში განუწესებია ბედიანი. ოდიშის დაწინაურება დაიწყო თამარის დროს, როცა სამეფო კარზე აღზევებულმა მსახურთ-უხუცესმა ვარდან დადიანმა „საპატრონოდ“ მიიღო ლიხთ-იმერეთი. რუსუდანის დროს დაწინაურებულა ცოტნე დადიანი, რომელიც საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო მაშინდელ ერისთავ-დიდებულთა შორის.

საქართველოს ძლიერების ხანაში ოდიშის ერისთავები ვერ ბედავდნენ მეფის ურჩობას და მას ემორჩილებოდნენ. ოდიშის საერისთავოში იყო ჭყონდიდის საეპისკოპოსო, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისა და მონარქიის ძლიერებისათვის. ჭყონდიდელი იყო მეფის მრჩეველი, მართლმსაჯული და უღონოთა და ქვრივთა მზრუნველი, მწიგნობართუხუცესი.

XIVსაუკუნეში იმერეთის სამეფოში ატეხილი შფოთით ისარგებლეს ერისთავებმა და დამოუკიდებელ სამთავროებად ჩამოყალიბდნენ. მათ შორის ყველაზე ძლიერი იყო ოდიშის საერისთავო, რომლის პირველ ერისთავ-მთავრად უნდა ჩაითვალოს გიორგი I დადიანი. სამთავროს შენარჩუნება-გაფართოებაზე ზრუნავდნენ მისი მემკვიდრენიც.

XIX საუკუნეში ოდიშის სამთავრო საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად რუსეთის შემადგენლობაში მოექცა.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003