ჯონდო გვასალია

შიდა ქართლი

შიდა ქართლი, აღმოსავლეთ საქართველოს მხარე, ქართლის ერთი ნაწილია. მისი ადრინდელი სახელია „ზენა სოფელი“.

შიდა ქართლს, ცენტრალური ადგილმდებარეობის გამო, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ხდებოდა ჯერ აღმოსავლეთ საქართველოს უძველესი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ხოლო შუა საუკუნეებში მის ირგვლივ მიმდინარეობდა საქართველოს ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი.

დღესდღეობით, შიდა ქართლი მოიცავს: გორის, დუშეთის, კასპის, მცხეთის, ქარელისა და ხაშურის რაიონებს. ისტორიულად გვიანდელი „სამხრეთ ოსეთის აო-ს“ ტერიტორია შიდა ქართლის შემადგენელი ნაწილია.

შიდა ქართლში განვითარებული იყო მიწათმოქმედება, მემინდვრეობა და მებაღეობა-მევენახეობა, რაც განსაზღვრავდა მის ეკონომიკურ სიძლიერეს. მაღალ დონეზე იდგა მეხილეობა, სელის ზეთის გამოხდა, მეაბრეშუმეობა, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგია, მესაქონლეობა.

შიდა ქართლზე უძველესი დროიდან გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ჩრდილოეთიდან მოემართებოდა დარიალის, ანუ არაგვის გზა, რომელიც გადიოდა მცხეთაზე. ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო-სატრანზიტო ე.წ. „აბრეშუმის გზის“ ერთი მონაკვეთი გადიოდა ამიერკავკასიაზე, კერძოდ, შიდა ქართლზე. ეს გზა მტკვრის ორივე სანაპიროს მიუყვებოდა.

შიდა ქართლში მოსახლეობა უძველესი დროიდან სახლობდა. იქიდან მოყოლებული, მოსახლეობის კვალი ამ ტერიტორიაზე უწყვეტად ჩანს.

ძვ.წ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე წარმოიშვა იბერიის (ქართლის) ერთიანი სამეფო, რომლის ცენტრი იყო მცხეთა. ამ სამეფოს სათავეში ედგა მცხეთელი მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი. შიდა ქართლი ამ სამეფოს ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მას სპასპეტი განაგებდა.

XI-XIII საუკუნეებში შიდა ქართლის სასპასპეტო, ანუ საერისთავთერისთავო, მთელ შიდა ქართლს მოიცავდა. XIII საუკუნეში შიდა ქართლის სასპასპეტო დაიშალა და მის ტერიტორიაზე აღმოცენდა შემდეგი საერისთავოები: ქსნის, არაგვის, საციციანო, საამილახვრო, სამაჩაბლო, საამირეჯიბო, საჯავახიანო, სამუხრანბატონო.

შიდა ქართლი ნაწილია იმ არეალისა, სადაც უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველური ტომები. სწორედ აქ მოხდა ქართველთა ეთნიკური გაერთიანება.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003