დავით მუსხელიშვილი

ტაო

ტაო ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეა. პირველად მოხსენიებულია ძვ.წ. 1112 წელს ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I წარწერაში „დიაიენის“ სახელწოდებით. ურარტულ წარწერებში „დიაუხის“ სახელითაა ცნობილი. ძვ.წ. 401 წელს ბერძენი მხედართმთავარი და ისტორიკოსი ქსენოფონტი ამ მხარის მოსახლეობას „ტაოხებად“ მოიხსენიებს.

ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგს ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოს გაერთიანებაში. აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოს - ქართლის სამეფოს წარმოქმნის ხანაში ტაო მისი განუყოფელი ნაწილი იყო. ძვ.წ. II საუკუნის დამდეგს სომხეთმა დაიპყრო. შემდგომ საუკუნეებში ტაო საცილო ტერიტორია იყო ქართლსა და სომხეთს შორის.

VIII საუკუნიდან ტაო მტკიცედ შეუერთდა ქართლის სამეფოს და აქ ფართო სამონასტრო მშენებლობა გაიმართა. აშენდა ბანა, ხახული, ოშკი, პარხალი, ოთხთა ეკლესია და სხვ. ტაო ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს კერად გადაიქცა. აქ მიეცა დასაბამი ბაგრატოვანთა დინასტიის მეფობას. ტაოში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მოღვაწენი აშოტ I დიდი კურაპალატი, თორნიკე ერისთავი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელნი და სხვები.

 XII-XIII საუკუნეებში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XIV საუკუნიდან კი კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია.

XV საუკუნეში, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ტაო სამცხე-საათაბაგოში იყო. XVI საუკუნის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი მხარეები - მესხეთი, შავშეთი, ტაო ოსმალეთმა დაიპყრო.

დღესდღეობით, ეს მიწები თურქეთის სახელმწიფოში შედის.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003