ვალერიან ითონიშვილი

ხევი

ტერიტორიითა და მოსახლეობით ხევი არ არის დიდი, მაგრამ მრავალმხრივ საინტერესო, მდიდარი ისტორიული წარსულის მხარეა. XVI-XVIII საუკუნეებში ეს კუთხე არაგვის საერისთავოს ეკუთვნოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თეიმურაზ მეორემ ეს საერითავო გააუქმა, ხევი და მიმდებარე ტერიტორიები საუფლისწულო მამულად იქცა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ხევი ანანურის მაზრაში მოექცა, რომელიც შემდეგ დუშეთის მაზრად გარდაიქმნა. დღეს ხევი ყაზბეგის რაიონს ეკუთვნის.

ხევის მოსახლეობის საარსებო წყაროს ოდითგანვე წარმოადგენდა მესაქონლეობა და მთის მიწათმოქმედება, შემოსავლის დამხმარე წყარო კი იყო შინამრეწველობა, მონადირეობა, საქართველოს სამხედრო გზაზე მუშაობა და ქირით ტვირთის ზიდვა.

ხევში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, რომელთა შორის გამოირჩევა IX-X საუკუნეების გარბის, სიონისა და ახალციხის ორნავიანი ბაზილიკები და XIII-XIV საუკუნეების გერგეტის გუმბათოვანი სამების ტაძარი. თავდაცვითი ნაგებობებიდან აღსანიშნავია არშის, სნოსა და დარიალის ციხეები. ამათგან საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრების დაცვაში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა პირველი საუკუნიდან არსებულ დარიალის ციხეს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ხევი იყო პირველი, სადაც ქრისტიანობამ ყველაზე ადრე მოიკიდა ფეხი. ეს წმინდა ნინოს ღვაწლით მოხდა. ქართველი მეფეები აქედან ავრცელებდნენ ქრისტიანობას ჩრდილოეთ კავკასიაში.

ხევმა მრავალი ცნობილი ადამიანი გაუზარდა საქართველოს. აქედან იყვნენ: ცნობილი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი, სამხედრო, საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწე გიორგი ყაზბეგი, მეცნიერები ვანო შადური და ოთარ ღუდუშაური, მომღერლები იანო ალიბეგაშვილი და ნანი ქავთარაშვილი.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003