ლაზები

ლაზები (იგივე ჭანები) უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე. ისინი ლაპარაკობენ ლაზურ ენაზე, რომელიც ძალიან ახლოსაა მეგრულთან. ლაზური მეგრულთან და სვანურთან ერთად შედის ქართველურ ენათა ჯგუფში.

დღეს ლაზების უმეტესობა ცხოვრობს თურქეთში. მცირე რაოდენობით ლაზები ცხოვრობენ საქართველოშიც, ძირითადად, სოფელ სარფში.

ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. კოლხეთისა და ლაზიკის სამეფოები შიშის ზარს სცემდნენ მტერს. მითი არგონავტების შესახებ მათ ქვეყანას უკავშირდება. საქართველოს პირველი გაერთიანება ფარნავაზის დროს ეგრისის (იგივე ლაზიკის) ერისთავის ქუჯის თაოსნობით მოხდა. ლაზები ცნობილნი იყვნენ ფილოსოფიური განსწავლულობითა და აზროვნებით. ისინი ასევე დიდ როლს თამაშობდნენ თამარის დროს ქვეყანაში. ცნობილია, რომ თამარის მიერ დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიაში წამყვანი ადგილი ლაზებს იჭირათ.

XV-XVI საუკუნეებში ლაზეთი ოსმალებმა დაიპყრეს და იქ მცხოვრებთა გამუსულმანება და გათურქება დაიწყეს. ამ მძიმე პროცესს მხოლოდ საქართველოსთან ახლოს მცხოვრები ლაზები გადაურჩნენ.

ლაზეთში შემორჩენილია მრავალი ისტორიული ხიდი და ეკლესიათა ნანგრევები.

ლაზები შრომისმოყვარე და მოხერხებული ხალხია, ოდითგანვე საუკეთესო მშენებლებად და მეზღვაურებად ითვლებიან. მათ მიერ დასავლეთ საქართველოში აშენებული სახლები დღემდეა შემორჩენილი.

იაკობ გოგებაშვილი ლაზების მეზღვაურობის შესახებ წერდა: „ისინი გამხდარან ზღვის შვილებად, უსწავლიათ ნავებისა და ხომალდების მართვა და ისე დახელოვნებულან ამ ძნელსა და საშიშ საქმეში, რომ იმათ ხელში ძნელად მოხდება უბედურება ზღვაში“.

თანამედროვე თურქეთში მრავალი პოლიტიკოსი, კულტურის მუშაკი, ეკონომისტი, სპორტსმენი და ა.შ. ლაზი ან გურჯია.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003