მარი ბროსე


1802-1880

ფრანგი მეცნიერი, აკადემიკოსი, მარი ბროსე პირველი ევროპელი მეცნიერი იყო, რომელმაც სათავე დაუდო ქართველოლოგიურ კვლევა-ძიებას XIX საუკუნის პირველ ნახევარში.

მარი ბროსე დაიბადა 1802 წლის 2 თებერვალს პარიზში. 1821 წელს ჩააბარა გამოცდები პარიზის აკადემიაში და მიიღო ბალავარის წოდება. იგი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა აღმოსავლური ენებისადმი. ჯერ ჩინური ენისა და მწერლობის შესწავლით იყო გატაცებული, მაგრამ მალე ქართული ენით დაინტერესდა და ამან საბოლოოდ განსაზღვრა მისი მომავალი მეცნიერული მუშაობის მიმართულება.

მარი ბროსე გაეცნო კიეველი მიტროპოლიტის ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნს, სადაც ავტორი მიმოიხილავდა ქართულ ლიტერატურას. ახალგაზრდა ორიენტალისტი (აღმოსავლეთმცოდნე) დაინტერესდა ქართული მწერლობით, ქართული ენითა და ქართული კულტურით და დიდი მონდომებით შეუდგა ქართული ენის შესწავლას.

ბროსე აქტიურად ჩაება 1822 წელს დაარსებული „პარიზის სააზიო ჟურნალის“ მუშაობაში. ამ ჟურნალის ფურცლებზე გამოაქვეყნა წერილები ქართული ენის, მწერლობის, საქართველოს ისტორიის, ქართული ნუმიზმატიკის საკითხებზე, თარგმანები „ქართული სამართლის“ ტექსტისა, „ვეფხისტყაოსნის“ პირველი თავისა და სხვ. შეისწავლა საფრანგეთის ბიბლიოთეკებსა და არქივებში დაცული თითქმის ყველა მასალა საქართველოს შესახებ. რაც უფრო წინ მიიწევდა ამ გზაზე, თვალწინ ეშლებოდა ვრცელი და წარმტაცი სამყარო და მკვლევარი უფრო და უფრო გრძნობდა, რომ ამ სამყაროს გასაცნობად მის ხელთ არსებული მასალა არ კმაროდა. საჭირო იყო საქართველოში და რუსეთის ბიბლიოთეკა-მუზეუმებში დაცული მასალების გაცნობა, საქართველოს მონახულება.

1830 წელს ბროსე წერილობით დაუკარვშირდა პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ ბატონიშვილს - საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეცამეტის ვაჟს - თეიმურაზს და სთხოვა დახმარება მეცნიერულ მუშაობაში. თეიმურაზი აღაფრთოვანა უცხოელი მეცნიერის დაინტერესებამ მისი სამშობლოს ენითა და კულტურით და ყოველგვარი დახმარება აღუთქვა. ასე ჩაეყარა საფუძველი ფრანგი მეცნიერისა და განათლებული ბატონიშვილის ურთიერთობას.

1834 წელს მარი ბროსემ პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა „ქართული ენის თვითმასწავლებელი“, ხოლო სამი წლის შემდეგ - „ქართული ენის საფუძვლები“.

1837 წელს მარი ბროსე აირჩიეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამის გამო პეტერბურგში ჩავიდა. ჩასვლის მეორე დღესვე სადილად მიიწვია თეიმურაზ ბატონიშვილმა და ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ. ამის შემდეგ მათი ურთიერთობა და მეცნიერული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა.

ბროსემ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომებზე წაიკითხა მოხსენებები ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის შესახებ. ამავე თემებზე კითხულობდა ლექციებს პეტერბურგის უნივერსტეტში, ზრუნავდა ქართული შრიფტის ჩამოსხმაზე, მისი ინიციატივით დაარსდა პეტერბურგის უნივერსტეტში ქართული სიტყვიერების კათედრა.

მარი ბროსეს ძალიან აინტერესებდა „ვეფხისტყაოსანი“. ფრანგმა მკვლევარმა კარგად იგრძნო შოთას პოემის სიდიადე, ღირსეულად შეაფასა იგი და ყოველნაირად ეწეოდა მის პოპულარიზაციას. ქართველი მწიგნობრების - თეიმურაზ ბატონიშვილის, დავით ჩუბინაშვილის, ზაქარია ფალავანდიშვილისა და სხვების დახმარებით მან 1841 წელს საკუთარი ხარჯით გამოსცა „ვეფხისტყაოსანი“. ეს იყო მეორე ბეჭდური გამოცემა 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემის შემდეგ.

1847-48 წლებში ბროსემ აისრულა დიდი ხნის წადილი და იმოგზაურა საქართველოში. მეცნიერმა მოიარა თითქმის ყველა კუთხე, შეკრიბა დიდძალი მასალა: ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, წარწერები, მონეტები...

ბროსემ არაერთი ნაშრომი უძღვნა საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ნუმიზმატიკის საკითხებს. ფრანგულად თარგმნა და 1849-58 წლებში შვიდ ტომად გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, ვახუშტი ბატონიშვილის „ისტორიის“ გეოგრაფიული ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანისა და ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული შენიშვნებითურთ. მისი დაუღალავი შრომის დაგვირგვინებაა „საქართველოს ისტორია“, რომლის პირველი ტომი 1848 წელს გამოიცა. ბროსეს ამ ნაშრომზე მუშაობა სიკვდილამდე არ შეუწყვეტია.

1880-იან წლებში მარი ბროსეს ჯანმრთელობა შეერყა. ექიმების რჩევით იგი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ქართველმა ხალხმა გულით დაიტირა თავისი მოამაგე მეცნიერი.

1902 წელს ქართულმა საზოგადოებამ აღნიშნა მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავი. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით“ ილია ჭავჭავაძემ თბილისის თვითმმართველობაში წინადადება შეიტანა, რომ მარი ბროსეს სახელი დარქმეოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას. ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. მარი ბროსეს ქუჩა ქალაქის ცენტრშია - ოპერისა და ბალეტის თეატრის მახლობლად.

ქართველი ხალხი დიდად აფასებს მისი ქვეყნის მოყვარესა და მოამაგეს, ქართველოლოგიის მამამთავარს, დიდ ფრანგ მეცნიერს, აკადემიკოს მარი ბროსეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
ზურაბ ჭუმბურიძე „მარი ბროსე“
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№77, 2005