ვიქტორ დოლიძე

(1890-1933)

ვიქტორ დოლიძე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური მონაცემებით. კომერციულ სასწავლებელში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს. მშობლებს სურდათ, ვიქტორი ბანკის მოხელე გამოსულიყო, მაგრამ მას მუსიკა იტაცებდა და თავისი ხანმოკლე ცხოვრება სწორედ ამ საყვარელ საქმეს უძღვნა. ვიქტორ დოლიძემ ცხოვრების დიდი ნაწილი სიღარიბესა და გაჭირვებაში გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ძალიან მხიარული და ხალისიანი იყო, ამასთან არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა.

ვიქტორი სასწავლებლად კიევში გაემგზავრა, საიდანაც ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. მისი სამუსიკო კარიერა რომანსებით დაიწყო.

იმხანად ქართულ თეატრში ძალზე პოპულარული იყო ა. ცაგარელის პიესა „ხანუმა“. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ დოლიძეს არანაირი შემოქმედებითი გამოცდილება არ ჰქონდა, მან მთელი წელი თავდაუზოგავად იმუშავა და ამ პიესის მიხედვით შექმნა შესანიშნავი ოპერა „ქეთო და კოტე“. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს შედგა და მას დიდი წარმატება ხვდა წილად არა მარტო საქართველოში. „ქეთო და კოტე“ არაერთგზის დაიდგა ბულგარეთში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში.

ვიქტორ დოლიძეს კიდევ სამი ოპერა ეკუთვნის: „ლეილა“, „ცისანა“ და „ზამირა“.

ვიქტორ დოლიძე ახალგაზრდა გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საუბრები ხელოვნებაზე“
გამომცემლობა მერიდიანი
თბილისი, 2003