სიმონ ჯანაშია

1900-1947

სიმონ ჯანაშია დაიბადა 1900 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში, ცნობილი პედაგოგისა და მოღვაწის ნიკო ჯანაშიას ოჯახში. 1918 წელს სოხუმის რეალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ შევიდა თბილისის უნივერსტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1922 წელს დაასრულა. სტუდენტთა ეს ნაკადი პირველი იყო უნივერსტეტისათვის. სიმონმა იმდენად გამოიჩინა თავი უნივერსტეტში სწავლისას, რომ ივანე ჯავახიშვილმა საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვა, 1928 წელს კი ლექციების კითხვაც მიანდო. შემდგომში სიმონ ჯანაშია გახდა დოცენტი, მერე პროფესორი და ისტორიის კათედრის გამგე.

1943 წელს სიმონ ჯანაშიამ ნიკოლოზ ბერძენიშვილთან ერთად გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელო. წიგნის თანაავტორი ივანე ჯავახიშვილიც გახლდათ. წიგნი პატრიოტული სულისკვეთებით იყო დაწერილი. მან სტალინის ყურადღებაც კი მიიქცია. სოჭში ყოფნისას სტალინმა დაიბარა წიგნის ავტორები და საქართველოს ისტორიის საკითხებზე ესაუბრა. ამის შემდეგ ჯანაშიასა და ბერძენიშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო მიჩნეულ იქნა იმის ნიმუშად, თუ როგორ უნდა დაწერილიყო სხვა რესპუბლიკების ისტორიის სახელმძღვანელოები. სიმონ ჯანაშიასა და ნიკოლოზ ბერძენიშვილს ამ სახელმძღვანელოსათვის სტალინური პრემიაც მიენიჭათ, რაც მაშინ დიდ აღიარებას ნიშნავდა.

ს. ჯანშია ძირითადად საქართველოს ძველ ისტორიას იკვლევდა. სწავლობდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სხვა მხარეებს.

სიმონ ჯანაშია გახლდათ მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი. ასევე ხელმძღვანელობდა მცხეთის არქეოლოგიურ გათხრებს. მან გადაარჩინა სახელმწიფო მუზეუმის შენობაც, სადაც ომის დროს სამხედრო საავადმყოფოს განთავსება განიზრახეს. სიმონ ჯანაშია მთავრობას ეახლა და განზრახვის შეცვლა სთხოვა. მისმა ავტორიტეტმა გაჭრა და მუზეუმი გადარჩა. დღეს ეს მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობისაა.

როგორც ცნობილია, 1945 წელს საქართველოში დაბრუნდა 1921 წელს საფრანგეთში გახიზნული ქართული კულტურის უძვირფასესი საგანძური: ძველი ხელნაწერები, ხატები, სხვა საეკლეიო ნივთები, სამკაულები და ა.შ. რომელთაც უცხოეთში თავგამოდებით იცავდა დიდი ექვთიმე თაყაიშვილი. სიმონ ჯანაშიამ გულმოდგინედ აღწერა ჩამოტანილი ნივთები, მუზეუმში მათი გამოფენა მოაწყო და მოხსენებაც წაიკითხა.

სამწუხაროდ, სიმონ ჯანაშია ახალგაზრდა გარდაიცვალა, 47 წლისა, მაგრამ ბევრი საშვილიშვილო საქმის გაკეთება მოასწრო. იგი დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გამოყენებული წყარო:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
¹42, 2000