ძმები კარბელაშვილები


მარცხნიდან: დეკანოზი პოლიევქტოს,
დეკანოზი ვასილი (შემდგომში ეპისკოპოსი სტეფანე),
მღვდელი პეტრე და დეკანოზი ანდრია
კარბელაშვილები

ქართულ საეკლესიო საგალობლებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ქართულ გალობას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ქართველი სასულიერო პირები და მის განვითარება-გავრცელებას ყველანაირად უწყობდნენ ხელს საქართველოს მეფეები. მაგრამ მეცხრამეტე საუკუნიდან, როცა ჩვენი ქვეყანა რუსეთმა დაიპყრო, ქართული გალობა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსმა ეგზარქოსებმა ეკლესია-მონასტრებში ქართულად გალობა და წირვა-ლოცვის ჩატარება აკრძალეს. ქართულ საგალობლებს სრულიად მივიწყების საშიშროება დაემუქრა. მაგრამ რიგ ქართულ ოჯახებში ქართული საგალობლები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასე ინახებოდა ჩვენი საუჯნე.

ერთ-ერთი ოჯახი, რომელთაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ქართული გალობის გადარჩენაში, გრიგოლ კარბელაშვილის დიდი ოჯახი იყო. თავად გრიგოლი ცნობილი სასულიერო მოღვაწე და შესანიშნავი მგალობელი გახლდათ. იგი თავის მეუღლესთან - ანასთან ერთად ზედმიწევნით ასწავლიდა შვილებს მშობლიურ ენას, წერა-კითხვასა და უძველეს ქართულ სიმღერა-გალობას. მათმა ვაჟებმა სკოლაში შესვლამდე ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით.

კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როცა მამა გრიგოლი სწირავდა. ძმების გალობის მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც კი ჩამოდიოდნენ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს, რის შემდეგაც გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას.

მგალობელი ძმების დებიუტი* 1864 წელს შედგა. საზეიმოდ თავშეყრილი საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა - ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან და შეუსრულებიათ ხალხური სიმღერები: „ყურშაო“, „ვინცა კაცია“, „ღიღინი“, „შავლეგო“ და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ.

ძმებმა კარბელაშვილებმა სასულიერო გზა აირჩიეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე უფრო მეტად გამოადგებოდნენ თავიანთ ხალხსა და სამშობლოს. მათ ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლისას დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერებისა და საგალობლების ჩაწერა და გავრცელება. ვასილმა საგანგებოდ შეისწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები ნოტებზე გადაეტანა და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისათვის. ეს ის დრო იყო, როცა რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა წალეკვით ემუქრებოდა ყველაფერს ქართულს და ეს განსაკუთრებით ეკლესიას შეეხებოდა.

უფროსი ძმა - ფილიმონი შესანიშნავი მოძღვარი, მქადაგებელი და მგალობელი დადგა. მას სახლში გახსნილი ჰქონდა სკოლა და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებსა და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა.  ქართული სიმღერა-გალობის შესასწავლად, მან სპეციალური სახელმძღვანელო შექმნა. ერთხელ ნიკო მესხიშვილმა ფილიმონი ილია ჭავჭავაძეს გააცნო. ილიას ძალიან მოსწონებია ნიჭიერი, ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის მოტრფიალე ფილიმონი და „გლახის ნაამბობში“ მოძღვრის სახეში სწორედ იგი გამოუყვანია.

საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა ვასილიც, რომელიც სასულიერო და სამრევლო სკოლებში ქართულ ენას ასწავლიდა და გალობის შესწავლის საქმეს ხელმძღვანელობდა. იგი დაუცხრომლად იღწვოდა იმისათვის, რომ ქართველ ბავშვებს შესძლებოდათ, მშობლიურ ენაზე ესწავლათ. ხშირად იგი ოჯახის ფულს ხარჯავდა მამულიშვილური საქმეების აღსასრულებლად. ასე გამოსცა ვასილმა ქართლ-კახური საგალობლების კრებული, რასაც დიდი შრომა და თავგანწირვა დასჭირდა.

ძმებმა კარბელაშვილებმა მრავალი საგალობელი გადაარჩინეს მივიწყებას. იმის გამო, რომ ბევრი ქართლ-კახური საგალობელი მათმა ოჯახმა შემოინახა, მათ მეორენაირად „კარბელაანთ“ კილოს უწოდებენ. მაგრამ მხოლოდ სიმღერა-გალობის საქმეში გაწეული ღვაწლით არ შემოიფარგლებოდა მათი საქმიანობა. ძმები აგროვებდნენ და იცავდნენ ქართული მონასტერბიდან ეგზარქოსების მიერ გატაცებულ  ქართული კულტურის უძველეს ნიშუშებს. დააარსეს ქართული საეკლესიო მუზეუმი, რომელთანაც შეიქმნა მეცნიერთა კომიტეტი. მოიძიეს და შეისწავლეს არაერთი საბუთი და სიგელი.

ვასილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა, აღწერდა და სწავლობდა ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს, რომლებიც ადრე აღრიცხული არ იყო. ეს დიდად საშურო საქმე გახლდათ, რადგან იქ მცხოვრები არაქართველი მოსახლეობა (სომხები) ცდილობდნენ მათ მითვისებას.

ვასილ კარბელაშვილი, შემდგომში ბოდბის ეპისკოპოსი სტეფანე, არა მარტო საქმით, არამედ მამხილებელი სიტყვითაც იბრძოდა. საქართველოში დაგროვილი უამრავი პრობლემის შესახებ ხშირად ბეჭდავდა წერილებს სხვადასხვა გაზეთებში: „დროებაში“, „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“.

გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
¹28,29. 2004

*დებიუტი - პირველი გამოსვლა რაიმე სამოღვაწეო ასპარეზზე