დიმიტრი ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს ქართლის სოფელ მერეთში.

პატარაობიდანვე დაობლებულ დიმიტრის ზრდიდა მისი უფროსი ძმა ქაიხოსრო. 8 წლის ყმაწვილი ძმამ თბილისის „კეთილშობილთა სასწავლებელში“ მიაბარა. 17 წლისამ სწავლა წარმატებით დაასრულა და სასწავლებლის მმართველობამ ამავე სასწავლებელში არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დანიშნა.

1832 წელს რუსეთის მთავრობის საწინაღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობის მიღებისათვის, სხვა მოწინავე ყმაწვილკაცებთან ერთად, დიმიტრი ყიფიანიც დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ერთი წელიწადი დაჰყო. აქედან გაგზავნეს საცხოვრებლად ჩრდილოეთ რუსეთში, ქალაქ ვოლოგდაში.

მალე ნება მისცეს სამშობლოში დაბრუნებულიყო, მხოლოდ თბილისში ცხოვრების უფლება არა ჰქონდა. ამიტომ ქუთაისში დასახლდა.

ქუთაისიდან 3-4 წლის შემდეგ გადმოვიდა თბილისში. თბილისში 1845 წელს ცოლად შეირთო  დუშელი მემამულის, გენერალ გიორგი ჭილაშვილის ქალი, ნინო.

დიმიტრი ყიფიანის მეცადინეობით დაარსდა ქართული ჟურნალი „ცისკარი“, საძირკველი ჩაეყარა ქართულ თეატრს. მისივე მეცადინეობით ქართულმა ენამ მაშინდელ გამარუსებელ სასწავლებლებში ცოტ-ცოტა ფეხი მოიკიდა. დ. ყიფიანმა დაბეჭდა კრიტიკული მიმოხილვა საქართველოს ისტორიის მასალებისა.

ამ დროს დიმიტრი ყიფიანმა მუშაობა დაიწყო ქართული მწიგნობრობის ასაღორძინებლად. ჟურნალ „ცისკარში“ (გამოდიოდა ივ. კერესელიძის რედაქტორობით) ათავსებს მოთხრობებს, თარგმნის შექსპირის „რომეო და ჯულიეტას“, ოქტავ ფურუკის „ღარიბი ყმაწვილკაცის რომანს“. ილ. ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ „საქართველოს მოამბეში“ მოთხრობა „თურქმენულ ცხენთან“ ერთად მოათავსა მითჩელის ასტრონომიის რამდენიმე თავი. ფსევდონიმად აწერდა: „ბაქარ ქართლელს“.

სამოცი წლის ასაკში, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშლობის პერიოდში, ქართული გრამატიკის შედგენას შეუდგა. ამისთვის ლათინური ენის შესწავლაც დასჭირდა. ეს ენა სხვის დაუხმარებლად ისწავლა. ფრანგული ენა კი მეტეხში ტყვეობის დროს ჰქონდა ნასწავლი.

დიმიტრი ყიფიანი მხრუვალე მოსარჩლე იყო გლეხების გათავისუფლებისა. თავადაზნაურობის წინამძღვრად სწორედ მაშინ ამოირჩიეს, როცა საქართველოში გლეხების გათავისუფლებას აპირებდნენ.

დიმიტრი ყიფიანის მარშლობის დროსვე დაიბადა აზრი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დაარსებისა. ამ საზოგადოების პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი.

სიკვდილის წინა წლებში დიმიტრი ყიფიანი არაერთხელ მიმართავდა ხელისუფლებას წერილობით და ითხოვდა საქართველოს ინტერესების დაცვას, აბუჩად აგდებული ქართული ენის, ქართველი ერის პატივისცემას.

1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის ნამოწაფარმა იოსებ ლაღიაშვილმა ამავე სემინარიის რექტორი დეკანოზი პავლე ჩუდეცკი მოკლა. ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით, გარყვნილებითა და ქართველთა მიმართ განსაკუთრებული ზიზღით. პავლე ჩუდეცკის დასაფლავებაზე საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ დაწყევლა მკვლელი და მთელი ქართველი ერი. დიმიტრი ყიფიანი მეტად განარისხა ეგზარხოსის საქციელმა და წერილი მისწერა: ან დალოცე ქართველი ერი, ან საქართველო დატოვეო.

ეს წერილი პავლე ეგზარქოსმა საქართველოს მთავარმართებელს - დონდუკოვ-კორსაკოვს უჩვენა, რომელმაც ხელისუფლებიდან ყოველგვარი ნებართვის გარეშე სამოცდათორმეტი წლის მოხუცს ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლება მიუსაჯა. დიმიტრი ყიფიანი ქ. სტავროპოლში გადაასახეს, მაგრამ იქაც არ მოასვენეს და 1886 წლის 24 ოქტომბერს დაქირავებულ მკვლელებს მოაკვლევინეს.

8 ნოემბრისათვის დიმიტრი ყიფიანის გვამი თბილისში გადმოასვენეს. ძვირფას ცხედარს ზღვა ხალხი მოსდევდა. მრავალი ჩამოვიდა ქუთაისიდან. დიმიტრი ყიფიანის, როგორც საქართველოსა და ქართველთათვის წამებულის და ცარიზმის მსხვერპლის დასაფლავება ეროვნულ დემონსტრაციად იქცა. დაკრძალვას ხელმძღვანელობდა ვალერიან გუნია, ხოლო გამსვენებელი სასულიერო პირი იყო ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

საქართველოს სამხედრო გზით შემოსვენებული მიცვალებული უნდა გაეტარებინათ გოლოვინის (აწ რუსთაველის) პროსპექტზე, სასახლის წინ გაევლოთ, აევლოთ სოლოლაკი და აესვენებინათ მთაწმინდაზე. მთავარმართებელმა პოლიცმეისტერებს უბრძანა, სამგლოვიარო პროცესიას სასახლის წინ გავლის უფლება არ მისცეთო. ამიტომ, როგორც კი პროცესია ვაჟთა გიმნაზიას (დღევანდელ პირველ გიმნაზიას) გაუსწორდა, წინ პოლიცმეისტერის წარმომადგენლები გადაეღობნენ და შეაჩერეს. ვალერიან გუნიამ მიზეზი იკითხა. მთავარმართებლის ბრძანებააო, - მიუგეს. მაშინ ვალერიან გუნიამ ეპისკოპოს ალექსანდრეს მოახსენა საქმის ვითარება.

- აქ ბატონ-პატრონი მე ვარ და არა მთავარმართებელი. აბა, გამომყევით, ვნახოთ, ვინ დაგვიდგება წინ! - ხმამაღლა მიმართა ხალხს ეპისკოპოსმა და პროცესიამ გზა განაგრძო. ქუთაისიდან ჩამოსულებს სულ ხმლებზე ეკიდათ ხელი. ასე ჩაუარეს სასახლეს, მათი შეჩერება მართლაც ვერავინ გაბედა, აიარეს სოლოლაკი, ავიდნენ მამადავითზე და მიაბარეს მიწას ნეშტი მეორე დიმიტრი თავდადებულისა.

აკაკი წერეთელმა დიმიტრი ყიფიანს უძღვნა ლექსი „განთიადი“, რომელიც დასაფლავების დღეს წაიკითხა.

გამოყენებული ლიტერატურა:
თედო სახოკია „დიმიტრი ყიფიანი“
გაზეთი „ციცინათელა“
№2, 1995