პეტრე მელიქიშვილი

უნივერსიტეტის პირველი რექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში, მთავარი შესასვლელის წინ, დაკრალულია უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი. მის საფლავზე დადგმულია ბიუსტი, რომლის ავტორია იაკობ ნიკოლაძე.

პეტრე მელიქიშვილი იყო მრავალმხრივი მოღვაწე. იგი მუშაობდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სრულიად განსხვავებულ სფეროებში. ესენი გახლდათ ქიმია, ბიოლოგია, მემცენარეობა, ვულკანოლოგია, კოსმოქიმია. თანაბრად ღირებული შრომები დაგვიტოვა როგორც ორგანულ, ისე არაორგანულ ქიმიაში. დაიბადა თბილისში 1850 წელს. წარჩინებით დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია 1868 წელს და მისი სახელი ოქროს ასოებით ამოკვეთეს გიმნაზიის საპატიო დაფაზე. 1869 წელს შევიდა ნოვგოროდის (ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე.

პეტრე მელიქიშვილმა სტუდენტობის წლებში ორი სამეცნიერო შრომა დაწერა, რომლებიც აზონაერთების სინთეზის საკითხებს ეხებოდა. აზონაერთებს კი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ აზოსაღებავების წარმოებაში.

პეტრე მელიქიშვილმა უნივერსიტეტი ვადაზე ორი წლით ადრე დაამთავრა (1872 წელს) ექსტერნის* წესით და იქვე დატოვეს საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1873 წელს გერმანიაში მიავლინეს ორი წლით. იქიდან დაბრუნების შემდეგ გლიცერინის მჟავაზე მუშაობს. პეტრე მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომლებსაც გლიციდმჟავები უწოდა. ამ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთსა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქიმიის ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტაში.

1881 წელს პეტრე მელიქიშვილმა დისერტაცია დაიცვა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „აკრილის მჟავას ნაწარმების შესახებ“. მის მიერ მიღებული ნაერთები შემდგომში წარმატებით გამოიყენეს პლასტმასების მიღების საქმეში. 1882 წელს მეცნიერი კვლავ მიემგზავრება საზღვარგარეთ, ჯერ პარიზში, შემდეგ მიუნხენში. 1885 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „იზომერული კროტონმჟავების შესახებ“. მეცნიერი შრომებმა კიდევ უფრო გააღრმავა და განავითარა ა. ბუტლეროვის „ორგანულ ნაერთთა აგებულების თეორია“.

პეტრე მელიქიშვილმა ოცზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა ორგანულ ქიმიაში, რომლებიც შემდეგ დაიბეჭდა მონოგრაფიად „ზეჟანგები და ზემჟავები“. ეს ნაშრომი შესულია მეცნიერების ოქროს ფონდში. პეტრე მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი. 1900 წელს მას და მის მოწაფეს ლ. პისარჟევსკის დიდი სამეცნიერო დამსახურებისათვის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის სახელობის პრემია და დიდი ოქროს მედალი მიეკუთვნათ. აღსანიშნავია, რომ დ. მენდელეევმა პ. მელიქიშვილსა და ლ. პისარჟევსკის „პერიოდული კანონის განმამტკიცებლები“ უწოდა.

პეტრე მელიქიშვილის ენციკლოპედიური განათლება, მისი კლასიკური გამოკვლევები ქიმიაში მჭიდროდ უკავშირდება პრაქტიკულ სამუშაოებს საქართველოში. იკვლევდა ჩაქვის ჩაის, ხორბლის კულტურებს; მისი და მისი მოწაფეების მიერ შესრულებული სამუშაოები ეხება მოსავლიანობის ამაღლებას, მცენარეთა დაცვას, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, ყველის დამზადების ტექნოლოგიას და სხვა.

1917 წლიდან იწყება მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ახალი პერიოდი. ქართული უნივერსიტეტის გამგეობის მოწვევით ჩამოდის თბილისში და აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის დაარსებასა და ჩამოყალიბებაში. 1918 წელს უნივერსიტეტის რექტორობა სთხოვეს ივანე ჯავახიშვილს, ქართული უნივერსიტეტის დაარსების თაოსანს და მთავარ ორგანიზატორს, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა და ამ თანამდებობაზე პეტრე მელიქიშვილი დაასახელა, როგორც საქვეყნოდ სახელგანთქმული მეცნიერი, რომელიც თავისი ავტორიტეტით ქართული უნივერსიტეტის პრესტიჟს აამაღლებდა. ამის შემდეგ პეტრე მელიქიშვილი ერთხმად აირჩიეს რექტორად. იგი ამ დროს 68 წლისა იყო.

პეტრე მელიქიშვილი დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ლექციებს მაინც ქართულ ენაზე კითხულობდა, რაც დიდ ნებისყოფას საჭიროებდა. სწორედ მისი დამსახურებაა ქართულ ენაზე ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნა. ეს დიდი საქმე შემდგომ მისმა მოწაფეებმა - ნინო ციციშვილმა და რუსუდან ნიკოლაძემ განავითარეს.

პეტრე მელიქიშვილს უყვარდა მუსიკა, ლიტერატურა, ხელოვნება, აინტერესებდა ენათმეცნიერება. საზღვარგარეთ ყოფნისას მან გაიცნო ენათმეცნიერი ჰუგო შუხარდტი, რომელიც სწავლობდა მსგავსებას ბასკურ და კავკასიურ ენებს შორის. შუხარდტმა ქართული ენის შესწავლაც დაიწყო, რაშიც დიდად ეხმარებოდა პეტრე მელიქიშვილი. მადლობის ნიშნად შუხარდტმა თავისი ერთ-ერთო შრომა ქართველ მეგობარს მიუძღვნა.

პეტრე მელიქიშვილს უამრავი მოწაფე ჰყავდა, რომელთაგან ბევრმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მათგან საკმარისია დავასახელოთ ა. ფერსმანი, ნ. ზელინსკი და ლ. პისარჟევსკი.

პეტრე მელიქიშვილი იყო უანგარო, კეთილშობილი, ქველმოქმედი. რექტორის თანამდებობაზე ყოფნისას ხელფასი არასოდეს აუღია. მატერიალურად ეხმარებოდა ხელმოკლე სტუდენტებს, თანაც სტუდენტური ორგანიზაციის საშუალებით, რომ სტუდენტებს უხერხულად არ ეგრძნოთ თავი.

1927 წლის 15 იანვარს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. სამწიხაროდ, იგი მალე გარდაიცვალა, სულ პატარა რამემ იმსხვერპლა: თითი გაეჭრა და განგრენა განუვითარდა, დიაბეტის ფონზე კი ეს სასიკვდილო აღმოჩნდა. პეტრე მელიქიშვილი გარდაიცვალა ამავე წელს, 23 მარტს. მის დაკრძალვას უნივერსიტეტის ბაღში უამრავი ხალხი ესწრებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:
დოდო ტორონჯაძე, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№46, 2001

*ექსტერნატი - გამოცდების ჩაბარების ისეთი სისტემა, როდესაც ჩამბარებელი სასწავლებელში არ ირიცხება, დამოუკიდებლად სწავლობს და გამოცდებს აბარებს სრული კურსის მიხედვით.