ლეონტი მროველი

(XI ს.)

ლეონტი მროველი XI საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი რუისის ეპისკოპოსი გახლდათ. იყო ფრიად განსწავლული პიროვნება: ჩინებულად იცოდა საერო, საისტორიო და საეკლესიო მწერლობა, ფლობდა ბერძნულ და სპარსულ ენებს.

ლეონტი მროველი იყო საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, მწიგნობარი, ისტორიკოსი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის იგი ცნობილია, როგორც „ქართლის ცხოვრების“ ავტორი. ნაწარმოებში შედის ვრცელი ისტორიული მოთხრობა „ცხოვრება მეფეთა“, სადაც მოთხრობილია ქართველთა თავგადასავალი მსოფლიო ისტორიასთან კავშირში უძველესი ხანიდან VI საუკუნემდე.

სწორედ ამ ნაწარმოებიდან ვიგებთ თარგამოსიანთა შთამომავლის - ფარნავაზ მეფის შესახებ, „მეფეთა ცხოვრება“ გვიამბობს ასევე მეფე მირიანის მეფობის შესახებ, წმინდა ნინოს ღვაწლით ქართლის ქრისტეს რჯულზე მოქცევის ისტორიას, სვეტიცხოვლის აგებისას მომხდარი სასწაულს, გვაწვდის ცნობებს მირიანის შთამომავალთა შესახებ და სხვ. მატიანის წერისას ლეონტი მროველი ქართულ წყაროებთან ერთად იყენებდა ბერძნულ და სპარსულ წყაროებს.

ისტორიული ნაწარმოებების გარდა, ლენტი მროველი ქმნიდა ჰაგიოგრაფიულ თზხულებებს, რომელთაგან ცნობილია: „ნინოს ცხოვრება“ და „წამება არჩილ მეფისა“. ეს უკანასკნელი ეხება საქართველოში VIII საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს.

ლეონტი მროველი ასრულებდა თარგმანებსაც. მან ბერძნულიდან თარგმნა წმინდა მამის - ეფრემ ასურის თხზულების „განძთა ქვაბის“ ერთ-ერთი რედაქცია, რომელიც საქართველოს ისტორიის მსოფლიო ისტორიასთან დასაკავშირებლად ესაჭიროებოდა და უხვადაც გამოიყენა „მეფეთა ცხოვრებაში“.

გამოყენებული წყარო:
„ქართული მწერლობა“, ტ. I.
გამომცემლობა „განათლება“
თბილისი, 1984